(მამის[ა], შინაურულად მამას[ი]) მამა არჩილი, მამა არჩილ! (და არა მამაო არჩილი, მამაო არჩილ!): ცნობილია, რომ სასულიერო პირები მოიხსენებიან მამებად (მამაკაცნი) და დედებად (ქალები). მიმართვის ფორმებია: მამაო და დედაო, მაგრამ ეს – მხოლოდ საკუთარი სახელის გარეშე ხმარებისას. თუკი ამ საზოგადო სახელებს მოსდევს თვით სათანადო პირთა საკუთარი სახელები, მაშინ -ო დაბოლოება ზედმეტია (მიმართვის დროსაც). უმართებულოა: მამაო არჩილ! უნდა იყოს: მამა არჩილ! მაგ., მამა გიორგი / არჩილი (მოვიდა), მამა გიორგიმ / არჩილმა (თქვა), მამა გიორგის / არჩილს (მივმართე)... იგივე ითქმის დედა ეფემია ტიპის შესიტყვებებზე: დედა ეფემია / მარიამი (მოვიდა), დედა ეფემიამ / მარიამმა (თქვა), დედა ეფემიას / მარიამს (მივმართე)...; დედა ეფემია! / მარიამ!
Source: „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი“: მთავარი რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; გამომცემლობა „უნივერსალი“; თბილისი, 2009, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 9.