წარმართული პანთეონის მითოლოგიური პერსონაჟი, გარკვეული ადგილის, გეოგრაფიული გარემოს, უპირატესად, სამეურნეოდ სავარგული ფართობის მფარველი. ადგილის დედა ადგილის პატრონია. იგი მეურვეობს სოფელსა და მის მიდამოს, საქონელსა და მოსავალს. ადგილის დედა კეთილი და ადამიანთა შემწეა, მაგრამ ზოგჯერ მრისხანეცაა ადამიანთა მიმართ, თუ ისინი რელიგიურ წეს-ჩვეულებებს ზუსტად ვერ იცავენ. ასეთ შემთხვევაში ადგილის დედას ადამიანისათვის ზიანი მოაქვს: ასნეულებს საქონელს, აჩანაგებს მოსავალს. ზოგჯერ ადგილის დედას სახლის ფუძის ანგელოზად მიიჩნევენ. ადგილის დედას აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში – თუშ-ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთ- გუდამაყარსა და ხევში თაყვანს სცემენ, სანთლებს უნთებენ.
Source: მოხევური ლექსიკონი / [შემდგ.: ნაზი სუჯაშვილი, ირმა ფიცხელაური ; რედ. ამირან არაბული]. თბ. : ქართული ენა, 2005.