არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში, ამჟამად მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში. მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები - დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ტრადიცია ხიდის სახელს რომაელ მხედართმთავარს გნეუს პომპეუს უკავშირებს, რომელმაც ძვ. წ. 65 წელს დალაშქრა საქართველო და გზად ლეგიონერების ხელით ააგო ხიდი. არქეოლოგიურმა გათხრებმა პომპეუსის ხიდის ადგილას აღმოაჩინა ხის ხიდის კონსტრუქციის ფრაგმენტები, რომელიც ადრე მოგვთა ხიდის სახელით იყო ცნობილი. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს პომპეუსის ხიდი საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. XVIII საუკუნეში ხიდის მოვლა დაევალათ მცხეთელ აზნაურებს - გედევანიშვილებს, რომლებსაც უფლება მიეცათ შრომის საფასურად აეკრიფათ სახიდე გადასახადი. XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პომპეუსის ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი, რომელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. 1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამმალიანი ხიდი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]