ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში. მდებარეობს მესხეთის ქედის კალთებზე, მთისწინეთსა და იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) აუზში
- 1917 წლამდე ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1921 წლიდან კვლავ ქუთაისის მაზრაში იყო, 1930 წლიდან გახდა დამოუკიდებელი რაიონი. 1940-90 წლებში ეწოდებოდა მაიაკოვსკის რაიონი.
- მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: დასავლეთით - ვანის, ჩრდილო-დასავლეთით - წყალტუბოს, ჩრდილოეთით - თერჯოლის, ჩრდილო-აღმოსავლეთით -ზესტაფონის, აღმოსავლეთით - ხარაგაულის და სამხრეთით - ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მთაგორიანია და მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელთა ბაზაზე შექმნილია კურორტები საირმე და ზეკარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 67, 5% ტყით არის დაფარული; სამხრეთ არეალის ორი მესამედი უჭირავს მცირე კავკასიის მთების რიგს. მჭიდრო ტყეებით დაფარული მთები ქვემოდან ზემოთ, თითქმის 3000 მეტრი სიმაღლისაკენ მიემართებიან და ქმნიან უნიკალურ ალპიურ პანორამას.
- ფართობი - 815 კვ.კმ. (საქართველოს მთელი ტერიტორიის 1,15%).
- მოსახლეობა - 29 ათასი (2002 წ.).
- სიმჭიდროვე - 36 კაცი კვ.კმ-ზე.
- მოსახლეობის 99,5% ქართველია; 0,3% - რუსი; 0,1% – სომეხი; 0,02% - უკრაინელი, 0,02% - ოსი. (2002 წლის მონაცემები).
- მუნიციპალიტეტის სამეურნეო პროფილს განსაზღვრავს მევენახეობა და მის ბაზაზე შექმნილი მეღვინეობა. გავრცელებულია აგრეთვე მეხილეობა, მებოსტნეობა, ნაწილობრივ მეცხოველეობა. მრეწველობის მთავარი დარგია კვების მრეწველობა (ღვინის ქარხნები) და საშენი მასალების წარმოება.
- მუნიციპალიტეტში 27 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი. ქალაქ ბაღდათში არის რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი.
- ქალაქი - ბაღდათი
- 6 სოფლის და 6 თემის საკრებულო: დიმის თემის საკრებულო, ვარციხის სოფლის საკრებულო, ზეგნის თემის საკრებულო, მეორე ობჩის სოფლის საკრებულო, ნერგეეთის თემის საკრებულო, პირველი ობჩის სოფლის საკრებულო, როკითის თემის საკრებულო, როხის სოფლის საკრებულო, საკრაულის სოფლის საკრებულო, ფერსათის თემის საკრებულო, წითელხევის სოფლის საკრებულო., ხანის თემის საკრებულო. კაკასხიდი, ხანი.
- 22 სოფელი: ალისმერეთი, დიდველა, დიმი, ვარციხე, ზედა დიმი, ზედა ზეგანი, კაკასხიდი, მეორე ობჩა, ნერგეეთი, პირველი ობჩა, როკითი, როხი, საიმედო, საკრაულა, ფერსათი, ქვედა ზეგანი, შუბანი, წაბლარასხევი, წითელხევი, წიფა, წყალთაშუა, ხანი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]