ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კილომეტრ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მეტრ სიმაღლეზე, თბილისიდან – 50 კილომეტრი. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII საუკუნეში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო, აქ იდგა ნუგზარ ერისთავის სასახლე. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. 2002 წლის აღწერის მიხედვით დუშეთში ცხოვრობს 4 600 კაცი.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]