დაბა აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან – 1100 მეტრი, მანძილი თბილისიდან – 78 კილომეტრი. მანძილი თიანეთიდან მცხეთამდე – 102 კილომეტრი (თბილისიდან შემოვლით). უახლოესი რკინიგზის სადგური – თბილისი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა – 3.6 ათასი (2002 წ). თიანეთის მაზრა - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1874 წელს. იყოფოდა 3 უბნად: თუშეთ-კახეთის, ფშავ-ხევსურეთის და ერწოსი. მოიცავდა ახლანდელი თიანეთის, ახმეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს. გაუქმდა 1930 წელს.
Source: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]