Etym. ბერძ. katharoí „სპეტაკნი“ ერეტიკული სექტები, რომლებიც „წმიდათა“, „სპეტაკთა“ და „სრულყოფილთა“ ეკლესიაზე ოცნებობდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მისგან ყველა სუსტი და ცოდვილი უნდა განედევნილიყო. ამ მოძრაობის წინამორბედი იყო ნოვაციანე, რომელიც დაჟინებით ამბობდა უარს იმათ მიტევებაზე, ვინც დევნის დროს განუდგა სარწმუნოებას. 251 წელს რომის კრებამ იგი საეკლესიო საკრებულოდან გარიცხა. XII საუკუნის მეორე ნახევარში კათარები ეწოდათ ერეტიკულ ჯგუფებსა და სექტებს, რომლებიც უმთავრესად შამპანში, სამხრეთ საფრანგეთსა (ალბი) და ლომბარდიაში გავრცელდნენ. კათართა დოქტრინა ორი პირველდაწყებითი ნების - კეთილი ნებისა და ბოროტი ნების - არსებობის რწმენას ეყრდნობოდა. ბოროტი ნება იყო დასაბამი განადგურებადი და ბოროტი მატერიისა. სხეულში სული დატუსაღებულად გრძნობდა თავს და განწმენდის მიზნით მას დანაშაული უნდა გამოესყიდა. კათარები მკაფიოდ განასხვავებდნენ „მორწმუნეებსა“ და „სრულყოფილთ“. ეს უკანასკნელნი სამონაზვნო ტიპის ცხოვრებას ეწეოდნენ. კათართა იდეალი, როგორც ამქვეყნიური ბოროტი ადამიანური ცხოვრებისგან გაქცევის სურვილი, შიმშილით ან რამე სხვა ძალადობრივი გზით თავის მოკვლის უკიდურეს ფორმებსაც კი მოიცავდა. კათართა მოძრაობა საკმაოდ გავრცელებული იყო, თუმცა ეკლესიის მხრიდან მკაცრი ზომების გატარების შედეგად, ალბიგოელთა დევნით დაასრულა არსებობა (1209-1229).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4