ა) ახალ აღთქმაში ესაა ღმრთის ხალხი, ახალი კავშირის ხალხი, ქრისტიანთა საზოგადოება. წმიდა პავლე განსაზღვრავს ეკლესიას, როგორც „ქრისტეს სხეულს“ (კოლ 1:24; ეფეს. 1:23), ამიტომაც ის ადამიანთა ხსნის უმთავრესი ადგილია.
ეკლესიას ოთხი სახასიათო ნიშანი აქვს: ერთიანობა, სიწმიდე, კათოლიკობა და სამოციქულოობა. ისინი საზეიმოდ გამოცხადდა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს მიერ. ეკლესია სული წმიდის გარდამოსვლის დღეს აღმოცენდა და მას შემდეგ სული წმიდის წყალობით უცვლელად ინარჩუნებს თავის ბუნებასა და დანიშნულებას.
კათოლიკე ეკლესიაზე სასაუბროდ შემდეგი არსებითი ელემენტებია საჭირო:
1) ნათლობა, რომელიც აყალიბებს მორწმუნეებსა და ღმრთის ხალხს;
2) მორწმუნეთა ორგანული დიფერენციაცია სული წმიდის მიერ ბოძებულ სხვადასხვა იერარქიულ და ქარიზმატულ ნიჭთა შესაბამისად;
3) ხილული ეკლესიის მთლიანი მოწყობისა და მასში არსებულ ხსნის ყველა საშუალების მიღება, რომელთაგანაც სახარების კითხვა და ევქარისტიის აღსრულება გამოირჩევა;
4) ქრისტესთან ერთიანობა ხილულ ეკლესიაში რწმენის აღსარების, საიდუმლოთა, საეკლესიო მმართველობისა და თანაზიარების ვალდებულებათა მეშვეობით;
5) უზენაესი პონტიფექსისა და ეპისკოპოსთა მმართველობა.
კათოლიკე, ანუ საეკლესიო თანაზიარება სამ დონეზე ხორციელდება:
საყოველთაო ეკლესია: ესაა მთელი ღმრთის ხალხი, ანუ ერთიანობა ყველა მონათლული ადამიანისა, რომელნიც „სარწმუნოების აღსარების, საიდუმლოთა და საეკლესიო მმართველობის ვალდებულებათა მეშვეობით“ არიან შეკავშირებულნი სრულ თანაზიარებაში (CIC, კან. 205);
ცალკეული ეკლესია: ესაა ღმრთის ხალხის ნაწილი, „რომელშიც ნამდვილადაა წარმოდგენილი და მოქმედი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ (CIC, კან. 369, შდრ. LG, 26); უპირვველეს ყოვლისა, ესაა დიოცეზი, რომელთანაც გათანაბრებულია „ტერიტორიული პრელატურა და ტერიტორიული სააბატო, სამოციქულო სავიკარიატო და სამოციქულო ადმინისტრაცია, გარდა ამისა, მუდმივმოქმედი სამოციქულო ადმინისტაცია“ (CIC, კან. 368);
ადგილობრივი ეკლესია: ესაა ღმრთის ხალხის ის ნაწილი, რომელსაც მღვდელმსახური ხელმძღვანელობს (ადგილობრივი საკრებულო, სამრევლო...).
შინაური ეკლესია ეწოდება ოჯახს (LG, 11ბ; Christifideles laici, 62).
ბ) ეკლესიაა, აგრეთვე, ის შენობა, სადაც მორწმუნეები სალოცავად იკრიბებიან და სადაც ლიტურგიული მსახურება აღსრულდება.