Etym. in+demonio „დემონი“ ცნება უმთავრესად გვხვდება ახალ აღთქმაში, რომლის თანახმადაც სატანას ქმედება კარგადაა გათვლილი და მიზნად ისახავს ქრისტეს მხსნელი ქმედებისთვის ხელის შეშლას. იესო კი სწორედ დემონთან დაპირისპირების მიზნით მოვიდა ქვეყნად (1 იოან. 3:8) და მოციქულებს მისი განდევნის ძალა მიანიჭა (ლუკ. 10:17-19). სახარებაში ეშმაკით შეპყრობილთა მრავალი მაგალითია აღწერილი, განსაკუთრებით მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში; ეშმაკით შეპყრობილნი ერთ ან რამდენიმე „ბოროტ სულს“ ჰყავს დაქვემდებარებული (მათ. 12:45), რომლებიც ტანჯავენ მათ (მარკ. 5:2-6) და მათი პირით მეტყველებენ (მარკ. 1:34). იესომ არაერთხელ განკურნა ადამიანები ამ სენისგან: კაპერნაუმის სინაგოგაში (მარკ. 1:23-38), გერასენელთა მხარეში (მარკ. 5:1-20), განკურნა ბნედიანი (მარკ. 9:18-29), ქანაანელი ქალის ქალიშვილი (მათ. 15:21-28).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4