A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ვა ვე ვი ვნ ვუ
ვალ ვარ ვატ ვაჰ

ვალდელნი

It. Valdesi
XII-XIII საუკუნეებში, ლიონელ ვაჭარ პიეტრო ვალდოს (†დაახლ. 1205/6) ინიციატივით აღმოცენებული რელიგიური განახლების მოძრაობის მიმდევრები. ვალდო მთაზე წარმოთქმული ქადაგების (მათ. 5-7) „სახარებისეულ რჩევათა“ მეშვეობით მოექცა, თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და რამდენიმე მეგობართან ერთად მოხეტიალე მქადაგებლად იქცა: ხალხურ ენაზე სამოციქულო ქადაგებას (მათ. 10) ეწეოდა. ლიონელ ღატაკებად წოდებულმა ვალდოსპირველმა მიმდევრებმა, ვინც პაპმა 1179 წელს სცნო, შემდგომში დაარღვიეს საეკლესიო ხელისუფალთა ნებართვის გარეშე საეროთათვის დაწესებული ქადაგების აკრძალვა. შედეგად, 1184 წლის პავიის კრებაზე ლუციუს III-მ ისინი კათარებთან ერთად დაგმო როგორც ერეტიკოსები. ამ დაგმობის მიუხედავად, ცალკეულმა ვალდელებმა, როგორც, მაგალითად, დურანდომ ოსკადან (†1210 წლის შემდეგ) საკუთარი მართლმორწმუნეობის დაცვა სცადეს (Liber antihaeresis). ეს ჯგუფი შემდგომში ეკლესიას დაემორჩილა (1208) და ღატაკი კათოლიკეების სახელი მიიღო, მოძრაობის დანარჩენმა ნაწილმა კი ვალდოს გარდაცვალების შემდეგ გაამკვეთრა ეკლესიის კრიტიკა (ფიცის დადებასა და სამხედრო სამსახურზე უარის თქმა) და ნამდვილი საეროთა ეკლესიის თვისებები შეიძინა, საკუთარი კულტით, საიდუმლოებითა და მქადაგებლებით, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. ინოკენტი III-ის მიერ მათი დაგმობა (1215 წლის ლატერანის IV კრება) და ერესის შესახებ კანონმდებლობის მათ წინააღმდეგ ამოქმედება ვალდელთა იატაკქვეშეთში გადასვლის მიზეზი გახდა, თუმცა ამავე ფაქტორებმა ხელი შეუწყო მოძრაობის გავრცელებას სამხრეთ საფანგეთისა და ჩრდილოეთ იტალიის საზღვრებს გარეთაც. ალპების გასწვრივ ვალდელთა გავლენა თანამედროვე ეპოქაში სავოიასა და პიემონტშიც შეიმჩნეოდა, თუმცა მათი სამოქალაქო უფლებების თანასწორობა მხოლოდ 1848 წელს, მეფე კარლო ალბერტოს მიერ იქნა აღიარებული. ამით მეფემ ბოლო მოუღო პიემონტელ ვალდელთა უკანონო მდგომარეობას, რომელსაც მათ ნაწილობრივ დააღწიეს თავი გერმანიასა და ამერიკაში გამგზავრებით. 1857 წელს გააქტიურდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ემიგრაციის პროცესი, რასაც ეკონომიკური მიზეზებიც ჰქონდა. ამჟამად ვალდელთა ეკლესია რიო დე ლა პლატაშიც არსებობს. რეფორმირებულ-პრესბიტერული წყობის მქონე ვალდელებს იტალიის მრავალ რეგიონში აქვთ საკუთარი ცენტრები. ისინი უძღვებიან არაერთ სოციალურ პროექტსა და კულტურულ ცენტრს, ასევე, თეოლოგიის ფაკულტეტსაც. ვალდელთა აღმასრულებელმა კომიტეტმა, სახელწოდებით „ვალდელთა მაგიდა“, იტალიის სახელმწიფოსთან 1984 წლის 25 თებერვალს შეთანხმება გააფორმა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9