მეოცე მსოფლიო კრება (1869-1870), მოიწვია პიუს IX-მ იმდროინდელი „განსაკუთრებული საეკლესიო მღელვარების“ აღსაკვეთად. კრების მოწვევის შესახებ განცხადება 1867 წელს გაკეთდა, მის გამართვას ორწლიანი მოსამზადებელი სამუშაო დასჭირდა. კრება, რომელშიც 774 ეპისკოპოსმა მიიღო მონაწილეობა, 1869 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა. III სესიაზე (1870 წლის 24 აპრილი) მოწონებულ იქნა დადგენილება Dei Filius – კათოლიკური სარწმუნოების შესახებ, რომელიც მიმართული რაციონალიზმის წინააღმდეგ. ოთხი თავისაგან შემდგარ დადგენილებაში საუბარია ღმრთის გონებით შეცნობის შესაძლებლობაზე, ღმრთაებრივი გამოცხადების აუცილებლობაზე, რწმენის არსსა და რწმენასა და გონებას შორის დამოკიდებულებაზე. თუმცა კრების ყურადღება თავიდანვე მიექცა პაპის უმცდომლობის საკითხს, რომლის განსაზღვრასაც ცალკეული წევრები მოითხოვდნენ, სხვები კი ფრთხილობდნენ. დასკვნით დეკლარაციაში, რომელსაც 1870 წლის 18 ივლისს ეყარა კენჭი, ნათქვამია, რომ „როცა პაპი, როგორც რომის პირველმოძღვარი, თავისი კათედრიდან მეტყველებს, – ესე იგი, როცა ყველა ქრისტიანის მწყემსისა და მოძღვრის მსახურების აღსრულებისას, თავისი უმაღლესი მოციქულებრივი ძალაუფლების ღირსებით, მთელი ეკლესიისათვის განსაზღვრავს მოძღვრებას სარწმუნოების ან ზნეობის შესახებ, – რომის პირველმოძღვრის ამგვარი განსაზღვრებანი უცდომელია. ამ შეუმცდარობას იგი ფლობს მისთვის ნეტარ პეტრეში აღთქმული ღმრთაებრივი შეწევნის ძალმოსილებით, რომლის ბოძებაც ღმრთაებრივმა მაცხოვარმა ისურვა მთელი თავისი ეკლესიისათვის. ამგვარად, ეს გადაწყვეტილებები სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ შეუცვლელია თავისი ბუნებით, და არა ეკლესიის თანხმობის მიზეზით (ex sese, non autem ex consensu ecclesiae)“. იმავე სხდომაზე გადაწყდა კრების განახლება დღის განსაზღვრის გარეშე (sine die). მეორე დღეს ხაფრანგეთ-გერმანიის ომი დაიწყო, ორი თვის შემდეგ კი პიემონტის ჯარმა რომი ოკუპაცია მოახდინა. ამ მიზეზთა გამო კრება აღარ განახლებულა და არც ოფიციალურად დახურულა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4