A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თაბ თავ თალ თან თარ თაყ

თანაზიარება და გათავისუფლება

It. Comunione e Liberazione
საეკლესიო მოძრაობა, რომლის შთამაგონებელია დონ ლუიჯი ჯუსანი, 1954-1965 წლებში რელიგიის პედაგოგი მილანის ბერშეს ლიცეუმში. მოძრაობის პირველ უჯრედს „სტუდენტური ახალგაზრდობა“ (GS) ეწოდა და ის სწრაფად გავრცელდა იტალიის მრავალი ქალაქის სტუდენტებს შორის. 1969-70 აკადემიურ წელს უნივერსიტეტებში დამკვიდრება დაიწყო ფორმულამ „თანაზიარება და გათავისუფლება“ (CL), რაც მცირე ხანში მოძრაობის ოფიციალურ სახელწოდებად იქცა. მოძრაობა ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანობა არა ფილოსოფია ან ცხოვრების გეგმაა, არამედ არსებითად მოვლენაა, ღმრთის მოვლენა, ვინც შემოდის ისტორიაში, იესო ქრისტეს პიროვნებაში, რათა გადაარჩინოს ადამიანი. მაშასადამე, ქრისტე ისტორიის ნამდვილი „სიახლე“ და გათავისუფლების ერთადერთი საშუალებაა ადამიანისათვის. თავისი რწმენით, ადამიანი ნდობას უცხადებს ამ მოვლენას და თავისი განახლების საშუალებას აძლევს ღმერთს. გარემო, რომელშიც, ღმრთის ნებით, ისტორიულად ხორციელდება ადამიანის ხსნა და გათავისუფლება, ეკლესიაა. ქრისტესა და თანამოძმეებთან თანაზიარებიდან წარმოიშვება მისია, როგორც სხვათა მიმართ სიყვარულის ნიჭი. მოძრაობას „თანაზიარება და გათავისუფლება“ მართავს ეროვნული საბჭო, რომელსაც სხვადასხვა რეგიონთა წარმომადგენლები, მისიონერულ ჯგუფთა პასუხისმგებელი პირები და სტუდენტთა, საუნივერსიტეტო მუშაკთა და თანამშრომელთა სამი დანაყოფის პასუხისმგებელი პირები შეადგენენ. აღსანიშნავია „საკრებულო სკოლა“, სადაც მნიშვნელოვანი თემების პიროვნული და ერთობლივი განხილვა მიმდინარეობს. მოძრაობა დიდი ხანია დაკავებულია კოოპერატივების (კულტურული, საკვები პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა), საცხოვრებლების, სასადილოების (არაადგილობრივი სტუდენტებისთვის), სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციის კაბინეტთა მოწყობით, რაც იმას ადასტურებს, რომ ქრისტეს „სიახლის“ მატარებელ ქრისტიანულ საკრებულოს სოციალურ სტრუქტურათა განახლების ძალა შესწევს. დასასრულ, ღმრთის ნამდვილი სიყვარულის ნიშნად მიიჩნევა მოძრაობის ფარგლებში მღვდელმსახურებისა და მონაზვნობის მოწოდებათა აღმოცენება და „მოზრდილთა ჯგუფების“ ჩამოყალიბება. ეს უკანასკნელნი შედგება მოზრდილ ადამიანთაგან, რომლებიც საერო საქმიანობას და სამყაროსთან ურთიერთობას განაგრძობენ, თუმცა ამავე დროს მათი ცხოვრება განსაზღვრული წესის თანახმად წარიმართება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9