Etym. სიტყვიდან laico „ერისკაცი“, „საერო პირი“ დამოკიდებულებათა და კონცეფციათა ერთობლიობა, რომელთაც ახასიათებს თვისებრივი ხაზგასმა ღირსებისა და მიწიერ და საერო ღირებულებათა სრული დამოუკიდებლობისა რელიგიურ ღირებულებებთან მიმართებაში (განსაკუთრებით, პოზიტიურ რელიგიათა მიერ შემოთავაზებულ ღირებულებებთან მიმართებაში). ფილოსოფიურ-კულტურული თვალსაზრისით ლაიციზმს ახასიათებს გამოცხადებულ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებათა უარყოფა (ან მათ მიმართ ინტერესის არქონა); იმ ინსტიტუტთა უარყოფა, რომლებიც ამ ჭეშმარიტებათა შემოთავაზების, განმარტებისა და დამკვიდრების ავტორიტეტულ კომპეტენციას ფლობენ; გონებისა და მისი თავისუფალი კრიტიკული განსჯის (ან ადამიანის ბუნებრივ უნართა) დამკვიდრება ერთადერთ წყაროდ (ან, თუნდაც უპირატეს და აღმატებულ საშუალებად); პოლიტიკურ-იდეოლოგიური თვალსაზრისით, ლაიციზმისთვის დამახასიათებელია უარყოფა სამოქალაქო აღმსარებლობითი საზოგადოების შუა საუკუნეების მოდელისა და, ზოგადად, უარის თქმა რელიგიისა და მის ინსტიტუტთა (კერძოდ, კათოლიკე ეკლესიის) მხრიდან ნებისმიერ ჩარევაზე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; სახელმწიფოს წარმოდგენა საკუთარი დამოუკიდებელი და იმანენტური მიზნებისკენ მისწრაფებულ საზოგადოებად, რომელსაც აქვს აკონფესიური მოწყობა, საეკლესიო ინსტიტუტთაგან განცალკევებული საკუთარი ინსტიტუტები და ეკლესიისგან სრულიად დამოუკიდებელი და აღმატებული პოლიტიკური ძალაუფლება. ტერმინი „ლაიციზმი“ აგრეთვე აღნიშნავს ამგვარ დამოკიდებულებებსა და კონცეფციებზე დაყრდნობით მოქმედ და მათი გავრცელების ხელშემწყობ პოლიტიკურ-სოციალურ, იდეოლოგიურ და კულტურულ მოძრაობებს. ასეთი მოძრაობები იყო, უპირველეს ყოვლისა, XVIII საუკუნის განმანათლებლობა, XIX საუკუნის პოლიტიკური ლიბერალიზმი და მეცნიერული პოზიტივიზმი. ლაიციზმის არსი ხშირად გამოხატიულა საკამათო ფორმით, განსაკუთრებით, კათოლიკობასთან მიმართებაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4