A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლავ ლაზ ლათ ლაი ლამ ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლატერანის ხელშეკრულებანი

It. Patti Lateranensi
წმიდა საყდარსა და იტალიის სახელმწიფოს შორის 1929 წლის 11 თებერვალს ლატერანის სასახლეში დადებული ხელშეკრულება, ხელმოწერილი, შესაბამისად, კარდინალ პიეტრო გასპარისა და ბენიტო მუსოლინის მიერ. ლატერანის პაქტი შეიცავდა პოლიტიკურ „ტრაქტატს“ (ოთხი დანართით, რომელთაგანაც ერთი ფინანსური კონვენცია იყო), რომლითაც დაიხურა 1870 წელს წამოჭრილი „რომის საკითხი“, და, აგრეთვე, კონკორდატს იტალიაში რელიგიისა და კათოლიკე ეკლესიის მდგომარეობის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, პაპი სრულუფლებიან უზენაეს მმართველად იქნა აღიარებული, დაარსდა ვატიკანის სახელმწიფო, კათოლიკეობა გამოცხადდა ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად, კათოლიკური რელიგიის სწავლება შემოღებულ იქნა საშუალო სკოლებში, სასულიერო პირები გათავისუფლდნენ სამხედრო სამსახურისაგან, საეკლესიო ქორწინებას იურიდიული ძალა მიენიჭა და ა.შ. 1984 წლის 18 თებერვალს, მრავალრიცხოვანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ლატერანის კონკორდატის შესწორებულ ვერსიას მოეწერა ხელი. წმიდა საყდრის მხრიდან ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა კარდინალმა აგოსტინო კაზაროლიმ, ხოლო იტალიის სახელმწიფოს მხრიდან – ბეტინო კრაქსიმ. ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, აღიარებულია ყველა რელიგიური კონფესიის თანასწორუფლებიანობა და თავისუფლება, ამასთან, სახელმწიფო „აღიარებს რელიგიური კულტურის ღირებულებას და ითვალისწინებს, რომ კათოლიკეობის პრინციპები იტალიელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია“ (პარ. 9, თავ. 2). სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს კათოლიკური რელიგიის სწავლება არასაუნივერსიტეტო საჯარო სკოლებში და უზრუნველყოს თითოეულისათვის ამ სწავლებით სარგებლობისა თუ მასზე უარისთქმის არჩევანის უფლება. სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები შეეხება საჯარო პირთა მორალური მდგომარეობის იურიდიულ სტატუსს, სამღვდელოების რჩენისა და ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9