A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კათოლიკური რეფორმა

It. Riforma cattolica
თანახმად დევიზისა „ეკლესია მუდამ განახლებადია“ (Ecclesia semper reformanda), ეკლესიის რეფორმირების მცდელობები ინდივიდთა თუ ჯგუფთა მხრიდან (პოპერისტული მოძრაობები; ერეტიკოსთა დევნა; კანონები ერესის შესახებ) ყოველ ეპოქაში აღინიშნებოდა. თუმცა გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიის წიაღში ფართო მასშტაბით იქნა გაცნობიერებული მთელი ეკლესიის – საეროთა და სასულიეროთა – თვითგანახლების გადაუდებელი აუცილებლობა. რეფორმის მრავალრიცხოვანი პროგრამების არსებობის მიუხედავად (კონსტანცის, ბაზელის, ლატერანის V კრებების, 1536 წლის პაპის რეფორმის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამა, XV-XVI საუკუნეებში უმთავრესად ესპანეთსა და იტალიაში გავრცელებული განახლების მოძრაობა), საგრძნობი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. მხოლოდ პროტესტანტური რეფორმის სახით „პაპის ეკლესიისადმი“ გაცხადებულმა გამოწვევამ უბიძგა ეკლესიის მამებს, პაპსა და რომის კურიას, ნელ-ნელა ხელი აეღოთ გაამსოფლიურების სულ უფრო გამოკვეთილი სულისკვეთების დამკვიდრებაზე სახარებაზე დაფუძნებული ქრისტიანიზაციის სასარგებლოდ. 1536 წელს პავლე III-მ დააარსა ეპისკოპოსთა და კარდინალთაგან შემდგარი რეფორმის კომისია, კარდინალებად მხოლოდ ღირსეული პირები დაასახელა და, თუნდაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, თავისი ტახტზე ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ტრიდენტის კრება მოიწვია. სამ ეტაპად, საერთო ჯამში, 25 სესიის შედეგად (1545-1563), კრებამ მოიწონა რეფორმის პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც ენერგიულად და ზოგჯერ მკაცრი ზომების გატარებით იღწვოდნენ რეფორმატორი პაპები: პიუს V (1566-1572), გრიგოლ XIII (1572-1585) და სიქსტე V (1585-1590). მღვდლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად, რომლებიც უმთავრესად სამწყსო საქმიანობას მისდევდნენ (სავონაროლა, კონტარინი, ჩერვინი, სერიპანდო, ბორომეო, ნერი, კანიზიო და სხვები), სახარების ქადაგებას და პიროვნულ, საეკლესიო და საზოგადო ცხოვრებაში მის განხორციელებას ემსახურებოდნენ, ამასთანავე, მრავალრიცხოვანი კონგრეგაციები და ახლად დაარსებული სამოწესეო ინსტიტუტები (ორატორიელნი, ბარნაბელნი, იეზუიტები, კაპუცინები და სხვანი). კათოლიკური რეფორმის მიზეზი უმთავრესად იყო ეკლესიის შინაგანი მოთხოვნილება, კონტრრეფორმის ზომები კი უმთავრესად პროტესტანტურ რეფორმასთან დაპირისპირების სურვილითა და აუცილებლობით იყო განპირობებული. XVII საუკუნეში კათოლიკური რეფორმის ენერგიამ თანმიმდევრულად კლება დაიწყო, თუმცა მთლიანად არ გამქრალა. XIX საუკუნის დასასრულისისკენ განვითარდა რეფორმის მოძრაობა, რომელსაც ძირითადად თეოლოგები და ეპისკოპოსები წარმოადგენდნენ და რომელიც XVI-XVII საუკუნეების კათოლიკური რეფორმის მიზანთა განსხვავებული ასპექტით განხორციელებას ისახავდა მიზნად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9