A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მეფეთა წიგნები

It. Re, libri di
ასე ეწოდება ძველი აღთქმის ორ წიგნს (ლათინურ ტრადიციაში), რომლებიც მოგვითხრობს იუდას და ისრაელის ხელმწიფეთა ისტორიას დავითის სიკვდილიდან ბაბილონეთში განდევნამდე, დაახლოებით ოთხი საუკუნის განმავლობაში. თხრობა სამ ნაწილად დაიყოფა. პირველ მათგანში (3 მეფ. 1-11) დავითის მეფობის დასასრული და სოლომონის სამეფოს ბრწყინვალებაა აღწერილი. მეორე ნაწილი (3 მეფ. 12-4 მეფ. 17) ტომთა შორის განხეთქილების, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაცალკევებული სამეფოების შექმნის, მათი პოლიტიკური პაექრობისა და წინასწარმეტყვლთა ელიასა და ელისეს ჩარევის შესახებ მოგვითხრობს. მესამე ნაწილი (4 მეფ. 18-25) მოიცავს იუდას სამეფოს ისტორიას ისრაელის სამეფოს დასასრულიდან ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალემის დამხობამდე. მთლიანობაში ეს ორი წიგნი მეფეთა ბიოგრაფიების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას წარმოადგენს. ბიოგრაფიათა უმრავლესობა მოკლეა და ერთი ძირითადი სქემის მიხედვითაა აგებული:
ა) მეფის წარდგენა, მისი წარმოშობის მითითება და მეორე სახელმწიფოში მისი თანამედროვე მონარქის ხსენება, ტახტზე ასვლის თარიღი და ხშირად დედის სახელი;
ბ) მეფის დადებითი თუ უარყოფითი დახასიათება, რაც უმთავრესად ემყარება მის რელიგიურ შეხედულებებს, ძირითადად ტაძრის მთლიანობის საკითხთან მიმართებაში;
გ) წყაროების მითითება, მეფის გარდაცვალება, დაკრძალვა, მემკვიდრის შესახებ ცნობა. მეფეთა წიგნები წარმოადგენს რელიგიური სახის განსჯას მონარქიის ისტორიაზე. კრიტიკული განსჯის კრიტერიუმი აღთქმის თეოლოგიაა. ხალხი ღმრთის წყალობას დავითის დინასტიის მეშვეობით იღებს, თუკი უარყოფს კერპებსა და მათ სალოცავებს და წინასწარმეტყველთა სიტყვებისა და იერუსალემის ტაძრის კულტის ერთგულებას ინარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეფეებსა და ხალხს მრავალი სახის ბუნებრივი უბედურება და სამხედრო წარუმატებლობა ატყდება თავს. მეფეთა წიგნები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იწერებოდა და მათმა ავტორებმა და შემდგენლებმა მუშაობის პროცესში სხვადასხვა წყაროებს მიჰმართეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9