A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შიდ შივ შიი შინ

შინტოიზმი

Etym. ჩინური წარმოშობის ტერმინი, აღნიშნავს „სულიერ არსებათა“(შენ) „გზას“ (დაო), რომელიც იაპონურად იკითხება „კამინაგარა“
It. Shintoismo
იაპონიის ავტოქტონურ რელიგიურ კონცეპციათა და შესატყვის კულტურულ აქტივობათა ერთობლიობა, რომლებიც გავრცელებული იყო ბუდჰიზმის მიღებამდე და ამ საწყისი ფორმებიდან განვითარდა. პირველად 585 წელს, ნიჰონშოკის საიმპერიო ქრონიკაში იქნა წარმოდგენილი „ბუდჰას კანონს“ დაპირისპირებული ფორმის სახით. ისტორიის მანძილზე აქტიურად დაუპირისპირდა ბუდჰიზმს, დაოიზმს, კონფუციანელობასა და ქრისტიანობას; დიდი გავლენა მოახდინა იაპონიის ისტორიაზე როგორც რეგიონებს შორის მკვეთრად განსხვავებული ხალხური რწმენის ფორმამ, ისე როგორც სექტამ თუ მკაცრად ლეგალისტურმა სახელმწიფო რელიგიამ. არ ჰყავს დამაარსებელი და არ გააჩნია საღმრთო წერილი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). ამ მიზეზით არ შეიცავს დოგმებს და არ არის სარწმუნოების აღსარების მქონე რელიგია. შედეგად, დღეს ძალიან ხშირად აღიქმება, როგორც „სახასიათო იაპონური ცხოვრების წესი“: 1983 წელს მხოლოდ იაპონელთა 3,4 პროცენტმა აღიარა თავი მორწმუნე შინტოისტად. ამავე დროს, აღრიცხვის მონაცემებით, შინტოისტად ქვეყნის 98,6 მილიონი მცხოვრები დასახელდა. მოძღვრების რელიგიურ იდეათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნების, წინაპართა და ადგილობრივი მფარველი ღმრთაების კულტი. რელიგიური ცხოვრების საკვანძო ადგილია საკულტო სივრცე, ანუ სალოცავი, ტაძარი (მიია, ჯინჯა), რომელშიც მფარველი ღმრთაება მუდმივად თანამსწრეა ან მოიხმობა ლოცვის/დღესასწაულის დროს სხვა სამყაროდან (მთები, ზეცა, ზღვა). ყოველწლიურ დღესასწაულთა (მაცური) კულმინაციური მომენტებია საგაზაფხულოდ მინდვრების მომზადების (ხშირად მათ წინ უსწრებს ახალი წლის დადგომისას შრომის დაწყების რიტუალური ცერემონია) და შემოდგომით მოსავლისათვის სამადლობელი ცერემონიალები, როდესაც აღსრულდება ლოცვები „ნორიტო“ და მზადდება შესაწირავი საკვები (მარილი, საკე, ბრინჯი, ბოსტნეული, თევზი). შინტოიზმი კამის, „აღმატებულ არსებათა, ღმრთაებათა“ არსებობას აღიარებს. ეს არსებები არ აღიქმება მარად არსებულად, ყოვლისშემძლე და აბსოლურად, არამედ განისაზღვრება როგორც „სულიერი ძალები, რომლებიც მოქმედებენ სამყაროში არსებული ყველა საგნისა და არსების დაბადების პროცესში“. სამყარო კამის ქმნილებაა, ხოლო ეს ქმნილებანი მასში ვლინდება: ყველაფერი წმიდაა, რადგან სულიერია, თვით საგნები თუ მათი მდებარეობის ადგილი. ადამიანიც მხოლოდ საფეხურებრივად განსხვავდება კამისაგან. სიცოცხლე და მის შესანარჩუნებლად მოქმედი ყველა ინსტინქტი დადებითია. მხოლოდ სიკვდილი და ყოველივე, რასაც მისკენ მივყავართ, არის უარყოფითი და ცუდი. ადამიანი არსებითად კეთილია და ზნეობრივი კოდექსის დაუხმარებლად გრძნობს, თუ რა არის სწორი (მაგოკორო). თუმცა ადამიანმა მრავალი გზით შეიძლება დაკარგოს სიწმინდე ბილწ საგნებთან, სიკვდილთან, ავადმყოფობასთან კონტაქტში შესვლით ან საკუთარი ეგოიზმის მიზეზით. რიტუალური განწმედა განბანვისა და გულის განწმედის (ალტრუიზმი) მეშვეობით ღმრთაებრივთან შეხვედრის პირობაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9