A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პატრიარქი/საპატრიარქო

Etym. ბერძ. patriárches (სიტყვიდან patriá „წარმომავლობა“ + archés „მეთაური“), შემდეგ ლათ. patriarca
It. Patriarca, Patriarcato

სიტყვა აღნიშნავს როგორც ებრაელი ხალხის წინაპრებს, ისე კათოლიკე ეკლესიის ცალკეული მნიშვნელოვანი ცენტრებისა და აღმოსავლურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს:

ა) პირველი მნიშვნელობით სიტყვა, ვიწრო გაგებით, ისრაელის ტომის ფუძემდებლებს აღნიშნავს: აბრამს, ისააკსა და იაკობს; გადატანითი მნიშვნელობით კი, აგრეთვე, ადამიდან აბრამამდე ტომის მამამთავრებს (ენუქი, მათუსალა, ნოე და სხვანი, შდრ. დაბ. 5:3-32);

ბ) რაც შეეხება ტერმინის მეორე მნიშვნელობას, ჯერ კიდევ ნიკეის კრებამ (325) აღიარა რომის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის საეპისკოპოსო რეზიდენციათა განსაკუთრებული მნიშვნელობა; შემდეგ კონსტანტინოპოლის კრებამ (381) მათ რიცხვს კონსტანტინოპოლის, როგორც „ახალი რომის“ კათედრაც მიაკუთვნა, ქალკედონის კრებამ კი (451) მათ იერუსალემის საეპისკოპოსო კათედრის ღირსება გაუთანაბრა და აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის კათედრა უმნიშვნელოვანესი იყო აღმოსავლეთში და უშუალოდ მოსდევდა რომისას. დროთა განმავლობაში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ „მსოფლიო საპატრიარქოს“ წოდება მიიკუთვნა და მან აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქოთა საქმეებში ჩარევის შემდგომში ტრადიციული უფლება მოიპოვა. დასავლეთში კი, 1451 წელს დაარსდა ვენეციის საპატრიარქო (როგორც VI საუკუნეში დაარსებული აკვილეის ძველი საპატრიარქოს მოსაყდრე). ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ დაარსდა დასავლეთ ინდოეთის საპატრიარქო, რომლის მმართველი უწყება მადრიდში მდებარეობდა. 1716 წელს კლემენტე XI-მ ლისაბონის მთავარეპისკოპოსს პატრიარქის ტიტული უბოძა, ლეონ XIII-მ კი გოას (ინდოეთი) მთავარეპისკოპოსს აღმოსავლეთ ინდოეთის პატრიარქის წოდება მიანიჭა. აღმოსავლეთის ცალკეულ ეკლესიათა რომთან შეერთების შემდეგ ყოველი წესისათვის ცალკე პატრიარქი დაინიშნა (მარონიტთა, მელქიტთა, სომეხთა, კოპტთა და სხვა წესთა პატრიარქები). ლათინურ ეკლესიაში პატრიარქები მხოლოდ საპატიო წოდებას ატარებენ და მათ მართვის რამე ძალაუფლება არ გააჩნიათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ძალაუფლება ზოგიერთ მათგანს სამოციქულო უპირატესობის ან დამკვიდრებული ტრადიციის ძალით ენიჭება (CIC, კან. 438).

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9