XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის რელიგიური და კულტურული მოძრაობა ევროპულ კათოლიკობაში, რომელიც ქრისტიანული მოძღვრებისა და თანამედროვე მეცნიერებათა, განსაკუთრებით – ისტორიულ-კრიტიკული მეთოდის – ურთიერთშეთანხმებას ესწრაფვოდა. ამავე დროს მისი მიზანი იყო საეკლესიო დისციპლინის განხრით რეფორმათა განხორციელება, რაც ეკლესიას საზოგადოების შეცვლილ მოთხოვნილებებსა და თანამედროვე კულტურის მიერ წამოჭრილ საკითხებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემდა. მოდერნიზმის წიაღში გამოკვეთილმა ა. ლუაზისა (†1940) და გ. ტირელის (1861-1909) ექსტრემისტულმა პოზიციებმა განაპირობა მოდერნისტული მიმდინარეობის ერთიანად დაგმობა 1907 წლის ივლისში დეკრეტით Lamentabili. დაგმობა განამტკიცა პიუს X-ის 1907 წლის 8 სექტემბრის ენციკლიკამ Pascendi. ეკლესიის ეს ნაბიჯი თანამედროვე მოძრაობათა მიმართ მიკერძოებული მტრული დამოკიდებულების შენარჩუნებად იქნა შეფასებული. „მოდერნისტები“ უწოდეს, აგრეთვე, კათოლიკეებსაც, რომელთა მოდერნისტული განწყობის თაობაზე მხოლოდ ეჭვი არსებობდა და, ამგვარად, ლიბერალების ან ეკლესიის მოწინააღმდეგეთა იდეოლოგიური დაღი დაასვეს მათ. დღეს იგივე მნიშვნელობით „ნეომოდერნიზმი“ მოიხსენიება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4