A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ანა ანგ ანთ ანი ანო ანტ

ანგლიკანელობა

It. Anglicanesimo
ინგლისის ეკლესიის (Church of England) ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. ანგლიკანელობა, ასევე, აღნიშნავს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების „ანგლიკანურ ერთიანობასა“ და კენტერბერის მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიათა ერთობლიობას. ანგლიკანიზმის ფესვები 1215 წლის დოკუმენტში, „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna carta libertatum), შეიძლება მოიძებნოს. რომის ეკლესიასთან სქიზმა 1534 წელს მოხდა, როდესაც ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა „უზენაესობის აქტი“, რომელიც მეფე ჰენრი VIII-ს (და ტახტის მომდევნო მემკვიდრეებს) ინგლისის ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებდა (supreme head in earth of England). რომთან განხეთქილება განაახლა დედოფალმა ელისაბედ I-მა (1558-1603) დოკუმენტით „თანაბრობის აქტი“ (1559) და ეგრეთ წოდებული 39 მუხლით (1563). ანგლიკანელობაში სწრაფად გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები (რაც ეკონომიკურ-სიციალური ვითარებითაც იყო განპირობებული), რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა:
ა) მაღალი ეკლესია (High Church), რომელმაც მეტი ერთიანობა შეინარჩუნა კათოლიკე ეკლესიასთან როგორც ლიტურგიული, ისე საეკლესიო ორგანიზაციის თვალსაზრისით;
ბ) დაბალი ეკლესია (Low Church), რომელიც ხაზს უსვამს პროტესტანტიზმის ინოვაციურ იდეებს და მხარს უჭერს პრესვიტერულ პროტესტანტიზმთან სოლიდარობას;
გ) ფართო ეკლესია (Broad Church), რომელსაც დღეს „ლიბერალურს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი ღიაა თავისუფალი ინტერპრეტაციის პოზიციათა მიმართ, რომლებიც უპირისპირდება მკაცრ მართლმორწმუნეობას. დღეს ანგლიკანელობა მოიცავს ხალხებს, რომლებიც დედოფალს საკუთარი ეკლესიის მეთაურად აღიარებენ; მას დაახლოებით 65 მილიონი მორწმუნე იზიარებს. საეპისკოპოსოები (საერთო ჯამში 365 დიოცეზი) კენტერბერის მოქმედ მთავარეპისკოპოსს ექვემდებარება. ინგლისის ეკლესიის კანონმდებელი ორგანოა ეპისკოპოსთა, მღვდელთა და საეროთა სამი პალატისგან შემდგარი ეროვნული ასამბლეა. ინგლისის ეკლესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოითხოვს პარლამენტის დადასტურებასა და მონარქისეულ რატიფიკაციას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9