თავდაპირველად ტერმინი აღნიშნავდა რომაელი ხალხის უძველეს დაყოფას, შემდეგ – რომის სენატის სხდომათა ადგილს, მოგვიანებით კი სხვა რომაულ დაწესებულებათა შენობებს. შუა საუკუნეებში ჰქონდა სხვადასხვა მნიშვნელობები, თუმცა მალე დამკვიდრდა როგორც სასამართლოს ან მართლმსაჯულების აღსრულებისათვის განკუთვნილ შენობათა კომპლექსის აღმნიშვნელი სახელი. კანონიკურ სამართალში ტერმინი აღნიშნავს:
ა) რომის კურიას: უწყებათა და ორგანოთა ერთობლიობას, რომლებიც ეხმარება პონტიფექსს მისი უმაღლესი სამწყსო საქმიანობის აღსრულებაში საყოველთაო ეკლესიისა და ცალკეულ ეკლესიათა სასიკეთოდ და მათ სამსახურში. პაპისადმი დაქვემდებარებული რომის კურიის შემადგენელი ნაწილებია: სახელმწიფო სამდივნო, ეკლესიის საჯარო საქმეთა საბჭო, კონგრეგაციები, ტრიბუნალები, სამდივნოები, საბჭოები, პაპის კომისიები, კომიტეტები და სხვა უწყებები (CIC, კან. 360). რომის კურიის პირველი ორგანული სტრუქტურა პაპმა სიქსტუს V-მ (1587) ჩამოაყალიბა. მას შემდეგ კურიამ მრავალრიცხოვანი გარდაქმნები განიცადა, 1988 წელს კი პაპმა იოანე პავლე II-მ სამოციქულო დადაგენილებით Pastor bonus მისი რეფორმა განახორციელა;
ბ) სადიოცეზო კურიას: ის „შედგება ორგანოთა და პირთაგან, რომლებიც ეხმარებიან ეპისკოპოსს მთელი დიოცეზის მართვასა და სასამართლო საქმიანობის აღსრულებაში“ (CIC, კან. 469).