Etym. ლათ. missio, ნაწარმოებია სიტყვიდან missus (ნამყოს მიმღეობა ზმნისა mittere „გაგზავნა“) მისია აღნიშნავს ნათლისღების ძალით მთლიანად ეკლესიისა და ყოველი ცალკეული მორწმუნისათვის დაკისრებულ ამოცანას, დაამოწმონ და ყველა ადამიანს გამოუცხადონ ხსნის უწყება, უმთავრესად იმ გეოგრაფიულ რეგიონებსა და კულტურულ წრეებში, რომლებიც სახარებისეული გავლენის მიღმა აღმოჩნდა მოქცეული (RM, 40). ეკლესიის მისიონერული საქმიანობა, რომელიც მამა ღმრთის ჩანაფიქრის თანახმად, ძისა და სული წმიდის მისიიდან იღებს სათავეს, დაიწყო სული წმიდის გარდამოსვლის დღეს სამოციქულო ქადაგებით და მუდმივად გრძელდება ყველა იმ ფორმით, რომელიც შესაძლებელს ხდის სახარებისეულ ღირებულებათა გაცნობასა და მიღებას ადამიანთა სულ უფრო ფართო წრეებისთვის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4