Etym. ანტი + clerikus-ის წარმოებული ფორმა იდეათა, დამოკიდებულებათა, ტენდენციათა ერთობლიობა, რომელსაც ახასიათებს მტრული დამოკიდებულება სამღვდელოების ან საერო და პოლიტიკურ სფეროებში საეკლესიო ძალაუფლების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის მიმართ. XIX საუკუნის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ დებატებში პოლემიკურად გამოყენებული ეს ცნება აღნიშნავდა სამღვდელოებისა და საეკლესიო იერარქიის არარელიგიურ სფეროებში ჩარევის აღკვეთისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას. ის, ასევე, აღნიშნავდა თანამედროვე სახელმწიფოს მიერ საეკლესიო ძალაუფლების დაქვემდებარების მცდელობებს, ან, დასასრულ, კრიტიკულ დამოკიდებულებას სამღვდელოების, როგორც პრივილეგირებული „კლასის“, ან მის მიერ საკუთარი მისიის შესასრულებლად გამოყენებული მეთოდების მიმართ. ცნების გამოყენება არაზუსტი იქნება, თუკი მას მოვწყვეტთ XVII-XVIII საუკუნეების, უფრო მეტად კი – XIX საუკუნის ისტორიულ გარემოს, რომელშიც ის აღმოცენდა. ვოლტერისეული ხასიათის ინტელექტუალურმა ანტიკლერიკალიზმმა პოლიტიკურ-სოციალური განზომილებას მიაღწია, განსაკუთრებით, საფრანგეთის რევოლუციის დროს: სამღვდელოებასთან, უმთავრესად – მაღალ სამღვდელოებასთან ბრძოლა „ძველ რეჟიმთან“ (Ancien Régime) ბრძოლის არსებით ნაწილად იქცა. ცნების პოლემიკური წარმოშობა განსაკუთრებულად ნათელია იტალიაში, სადაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულებათა პრობლემა რომის საკითხმა გაართულა. პაპის მითითებათა ერთგულად აღმსრულებელ ყველა კათოლიკის აღსანიშნავად სიტყვა „კლერიკალურს“ იყენებდნენ. ამიტომაც შესაძლებელი იყო ანტიკლერიკალიზმში დადანაშაულება მთელი ლიბერალური პოლიტიკური კლასისა, რომელიც ზომიერ კათოლიკეებსაც მოიცავდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რადიკალური თუ სოციალისტური მიმართულების პარტიათა და ორგანიზაციათა აღმოცენებასთან ერთად, გამოიკვეთა ანტიკლერიკალიზმის ყველაზე ექსტრემისტული და ანტირელიგიური ასპექტები, რითაც მან გლეხობისა და პროლეტართა დიდი მასები მიიზიდა. XX საუკუნეში მომხდარ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცვლილებათა შედეგად ანტიკლერიკალიზმი, – ყოველ შემთხვევაში, მეცხრამეტე საუკუნეში დამკვიდრებული მისი ფორმა, – თანდათანობით შესუსტდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4