ტერმინი აღნიშნავს საფრანგეთში ჩამოყალიბებულ მოძრაობას, რომელიც XX საუკუნის 30-იანი წლების მუშათა ახალგაზრდული ასოციაციებიდან იღებს დასაბამს. ასეთ ასოციაციებში საფრანგეთში გაწევრიანებულია მრავალი სასულიერო პირიც, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ შრომის სამყაროს და, უმთავრესად, გააცნობიერონ შრომის სამყაროსა და ეკლესიას შორის გამყოფი ბარიერის არსებობა. სწორედ ეს უბიძგებს სასულიერო პირებს, პირადად ჩაებან შრომით საქმიანობაში და იმუშაონ ფაბრიკებში. თანდათან მუშა მღვდელთა არსებობამ (მოძრაობის განვითარების ყველაზე ინტენსიურ პერიოდში ასეთ მღვდელმსახურთა რიცხვი 100-ს არ აღემატებოდა) განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საფრანგეთის მთელი ეკლესიისათვის, როგორც მის მიერ წარმოჩენილ პრობლემათა, ისე თეოლოგიური თვალსაზრისით და იმ მოტივაციის გათვალისწინებით, რომელიც უბიძგებდა მღვდელმსახურებს ასეთი არჩევანის გაკეთებისაკენ. 50-იან წლებში მომხდარი წყვეტის შემდეგ მუშა მღვდლები კვლავ გამოჩნდნენ როგორც საფრანგეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში. ისინი აქ საკმაოდ იყვნენ გავრცელებულნი 60-ანი წლების დასასრულსა და 70-იან წლებში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკლესიის ცხოვრებაში მათი რაოდენობა და საქმიანობა მაინც მეორეხარისხოვანი დარჩა და მას აღარ ახასიათებს ის შთამბეჭდავი ეფექტი, რომლითაც გამოირჩეოდა II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მოძრაობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4