პირი, რომელიც არაკანონიკური გზით მოიპოვებს პაპობას და ამ თანამდებობის ღირსებისა და ძალაუფლების მატარებლად აცხადებს თავს. მაშასადამე, საუბარია (ზოგჯერ კეთილი ზრახვით მოქმედ) უზურპატორზე, რომელიც მის ხელთ არარსებულ ძალაუფლებას აღასრულებს, რადგანაც არ გააჩნია ლეგიტიმური დანიშნულება, მართოს ეკლესია. ეკლესიის ისტორიაში ანტიპაპთა რიცხვი 25-დან 40-მდე მერყეობს. პირველი ანტიპაპი იყო წმიდა იპოლიტე, რომაელი მღვდელი (217-235), რომელიც კალისთეს წინააღმდეგ იქნა არჩეული სამოძღვრო მიზეზების გამო, შემდგომში პაპ პონტიანეს შეურიგდა და მასთან ერთად მოკვდა მოწამებრივი სიკვდილით. უკანასკნელი ანტიპაპი იყო ფელიქს V (ამადეუს VIII სავოიელი). ის ბაზელის საეკლესიო კრებამ აირჩია ევგენი IV-ის წინააღმდეგ და 1440 წლის 24 ივლისს ეკურთხა პაპად, შემდეგ კი იმავე კრების მიერ იქნა გადაყენებული. იგი დაექვემდებარა პაპ ნიკოლოზ V-ს, რომელმაც მას კარდინალის წოდება უბოძა. მისი გარდაცვალების თარიღია 1451 წელი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4