A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ქა ქე ქო ქრ
ქორ

ქორწინება

Etym. ლათ. matris „დედა“ + munus „ვალდებულება“
It. Matrimonio
საქორწინო კავშირი ანუ შეთანხმება, რომლის მეშვეობითაც მამაკაცი და ქალი ქმნიან სიცოცხლისა და სიყვარულის თანაზიარებას. ის შემოქმედმა დაადგინა და მანვე განუსაზღვრა კანონები: „და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად ... და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბ. 1:27); აგრეთვე: „და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს“ (დაბ. 2:24). თავისი ბუნებით ქორწინება მიმართულია მეუღლეთა სასიკეთოდ და შთამომავლობის შესაქმნელად და აღსაზრდელად. მონათლულთა შორის ქორწინებას უფალმა იესომ საიდუმლოს ღირსება მიანიჭა (GS, 48; CIC, კან. 1055). ქორწინების საიდუმლო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სიმბოლოა. ქორწინება მეუღლეებს ანიჭებს მადლს, უყვარდეთ ერთმანეთი ისეთი სიყვარულით, როგორითაც ქრისტეს უყვარდა თავისი ეკლესია. ამგვარად, საიდუმლოს მადლი სრულყოფს მეუღლეთა ადამიანურ სიყვარულს, აძლიერებს მათ დაუყოფელ ერთიანობას და წმიდაყოფს მეუღლეებს მარადიული სიცოცხლის გზაზე. ქორწინება ეფუძნება ორი მხარის თანხმობას, ანუ ერთმანეთისათვის საკუთარი თავის მიძღვნის ორმხრივ და მკაფიო ნებას, ერთგული და ნაყოფიერი სიყვარულის განცდის მიზნით. ერთიანობა, მთლიანობა და ნაყოფიერებისთვის გახსნილობა ქორწინების არსებითი თვისებებია. პოლიგამია შეუთავსებელია ქორწინების ერთიანობასთან. განქორწინება ღმრთის მიერ შეერთებულს აცალკევებს. ნაყოფიერების უარყოფა მეუღლეთა ცხოვრებას მის „უძვირფასეს ნიჭს“, შვილს ართმევს. განქორწინებულ მეუღლეთა ხელახალი დაქორწინება კანონიერი მეუღლის სიცოცხლეში ეწინააღმდეგება ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემულ ღმრთის ჩანაფიქრსა და კანონს. განქორწინებულები ეკლესიისაგან არ ცალკევდებიან, თუმცა ევქარისტიული ზიარების მიღება აღარ შეუძლიათ (შდრ. CCC, 1601-1666). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტიანულ ქორწინებას არ ჰქონდა საკუთარი ლიტურგია და ის არაქრისტიანულ ქორწინებათა მსგავსად აღინიშნებოდა. IV საუკუნიდან დამკვიდრდა ბეჭდების კურთხევისა და ევქარისტიის აღსრულების წესი. მეთერთმეტე საუკუნიდან საქორწინო კანონმდებლობა საერო სასამართლოდან საეკლესიოს გადაეცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9