A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აპო

აპოკრიფული წიგნები

Etym. ბერძ. apókryphos „დამალული“, „შორეული“ (ზმნიდან apokrýptein „დაფარვა“)
It. Apocrifi, libri
ქრისტემდე II საუკუნიდან ქრისტიანული წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეებამდე შექმნილი ებრაულ-ქრისტიანული რელიგიური ნაწერები, რომლებიც არაა შესული ბიბლიის შემადგენელ წიგნთა ოფიციალურ ნუსხაში. არ არის ზუსტად ცნობილი, სიტყვა წარმართული წარმოშობისაა თუ იუდეური წყაროებიდან მომდინარეობს. წარმართულ სამყაროში აპოკრიფი ეწოდებოდა წიგნს, რომელშიაც გადმოცემული მოძღვრება დაფარული უნდა ყოფილიყო გაუნდობელთათვის (ეზოთერული ნაწერი).ესეველებზე მსჯელობისას იოსებ ფლავიუსიც ახსენებს წიგნებს, რომლებიც საიდუმლოდ ინახებოდა, რადგანაც ეზოთერულ მოძღვრებას შეიცავდა, თუმცა არ არის ცნობილი, რომ ებრაელები ასეთ წიგნებს აპოკრიფებს უწოდებდნენ. არსებითი სახელის შესაბამისი ზედსართავი სახელი კი აღნიშნავდა დაზიანების გამო ლიტურგიისთვის გამოუყენებელ წმიდა გრაგნილებს, რომლებსაც საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებულ ადგილას ინახავდნენ, ანუ „მალავდნენ“ (გენუზიმ). ირენეოსი და ტერტულიანე აპოკრიფულს „ცრუს“ სინონიმად იყენებდნენ, ხოლო ორიგენე, იერონიმე და ავგუსტინე აპოკრიფულს უწოდებდნენ ძველი აღთქმის იმ წიგნებს, რომლებიც ებრაულ კანონში არ შედიოდა და მხოლოდ ქრისტიანული კანონის ნაწილს წარმოადგენდა. აპოკრიფები ეწოდებოდა, ასევე, ნაწერებს, რომლებიც ბიბლიის წიგნთა ნუსხაში არ შედიოდა, მაგრამ სათაურის, თემის ან დასახელებული ავტორის მიხედვით დაიმკვიდრეს კანონიკური წიგნების თანასწორი წმიდა ნაწერების ავტორიტეტი. ძველი აღთქმის აპოკრიფები ისტორიული (იუბილეთა წიგნი, ადამისა და ევას ისტორია, ესაიას ცად ამაღლება, იობის ანდერძი, სოლომონის ანდერძი და ა.შ.); დიდაქტიკური (სოლომონის ფსალმუნები, სოლომონის საგალობლები, მანასეს ლოცვა და სხვა) და აპოკალიპტიკურია (ეთიოპიური ენოქის წიგნი, თარგმნილი ებრაული ან არამეული ორიგინალიდან; სლავური ენოქის წიგნი, თარგმნილი ბერძნული ორიგინალიდან; ებრაული ენოქის წიგნი; აბრამის გამოცხადება; ელიას გამოცხადება და სხვა). კანონიკურ ნაწერთა მსგავსად, ახალი აღთქმის აპოკრიფები იყოფა სახარებებად (ებრაელთა სახარება, პეტრეს სახარება, თორმეტი მოციქულის სახარება, იაკობის პირველსახარება და სხვა); საქმეებად (პეტრეს საქმენი, პეტრეს ქადაგება, პავლეს საქმენი, იოანეს საქმენი, ანდრიას საქმენი და ა.შ.); წერილებად (მოციქულთა წერილი, პავლეს წერილი ლაოდიკიელთა მიმართ, პავლეს წერილი ალექსანდრიელთა მიმართ, პავლეს წერილები სენეკას მიმართ და სენეკას წერილები პავლეს მიმართ და ა.შ.); გამოცხადებებად (პეტრეს გამოცხადება, პავლეს ცად ამაღლება და ა.შ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9