ხალხი, რომელიც სახლობდა მექსიკაში, გვატემალაში, ჰორდურასსა და სალვადორში ესპანელთა მიერ ამერიკის დაპყრობის ხანაში. მაიას რელიგიურ წარმოდგენათა თანახმად, პანთეონის სათავეში იყო შემოქმედი ღმერთი ჰუნაბი, „ერთადერთი“, წარმოსახვითი უსხეულო არსება, რომელსაც არ გამოსახავდნენ და კულტის მეშვეობით არ ეთაყვანებოდნენ. ის ბინადრობდა ზეციურ ფენათაგან უმაღლეს – მეცხრე (ან მეცამეტე) ფენაში. შესაბამისი ცხრა ქვედა ფენის საპირისპირო ამ ზეციურ ფენებში სათითაოდ თითო ღმერთი სახლობდა. ჰუნაბის შვილი იტცამა იყო მაიას მთელი კულტურის შემოქმედი, დამწერლობის გამომგონებელი და კალენდრის შემდგენელი. მას თაყვანს სცემდნენ, როგორც ზეციურ ღმერთს და ხშირად გამოსახავდნენ. მზის ღმერთი კინიჩ აბაუ, პარალელური ფიგურა, იტცამას ბუნების ერთ ნაწილს განასახიერებდა. მაიას ღმერთებს ორმაგი ბუნება ახასიათებდათ, ანუ ადამიანთან მიმართებაში ჰქონდათ ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი მხარე. პანთეონის მსგავსად, მკაცრი სტრუქტურის თანახმად აგებულ მაიას საზოგადოებას (ყოველ შემთხვევაში, კლასიკური პერიოდის პირველ წლებში მაინც) დიდგვაროვანთა კლასის წარმომადგენელი მემკვიდრეობითი მთავრები – მღვდელმსახურები ხელმძღვანელობდნენ. უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ ის მღვდელმსახურები, რომელთაც, დამწერლობისა და კალენდრის ცოდნის წყალობით, ბედზე გავლენის მოხდენა ძალუძდათ. მაიას დამწერლობა ერთადერთია ინდიელ ტომთა დამწერლობათა შორის, რომლის გაშიფრვაც მოხერხდა: მათი დამწერლობის იდიოგრაფიულ-აბსტრაქტულ გრიფთა მესამედი წაკითხვადია. მაიას კალენდარი გრიგოლის კალენდარზე უფრო ზუსტი იყო. ნაკლები წონა და გავლენა ჰქონდათ მღვდელმსახურებს, რომლებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს ახორციელებდნენ, რადგანაც ამ წესმა, მიუხედავად უკვე კლასიკურ ხანაში მისი არსებობისა, საყოველთაო გავრცელება მხოლოდ მოგვიანებით მოიპოვა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4