A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იეზუიტები

It. Gesuiti
ესპანელ ინიგო (ეგნატე) დი ლოიოლას მიერ დააარსებული იესოს საზოგადოების წევრები, რომელიც 1540 წელს პავლე III-მ დაამტკიცა (Compagñía de Jesús; დღეს ოფიციალურად ეწოდება Societas Jesu, SJ). ინიგო (ეგნატე) ლოპეს დე ლოიოლამ (1491-1556) მანრეზაში (1522-1523) დაჭრისა და მოქცევის შემდეგ საერო ცხოვრების მიტოვება და ეკლესიისა და სახარების სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა. პარიზში, სადაც იგი ფილოსოფიასა და თეოლოგიას ეუფლებოდა (1528-1535), ექვსი მეგობარი შემოიკრიბა (რომელთა შორისაც იყვნენ ფრანცისკე სავერიო, პიეტრო ფაბერი და დიეგო ლაინესი) და მათთან ერთად დადო სიღატაკის, უბიწოების, წმიდა მიწაზე მისიონერული საქმიანობისა და პაპისადმი განსაკუთრებული მორჩილების აღთქმა. ამგვარად შეიქმნა მომავალი იესოს საზოგადოების საწყისი უჯრედი. 1539 წლის დოკუმენტში Prima formula instituti მოციქულობის კონკრეტულ მიზნებად დასახელებულია: ქადაგება, სულიერი წვრთნანი, გულმოწყალე საქმიანობა, სწავლება და სულებზე ზრუნვა, კერძოდ, აღმსარებელთა როლში. როგორც სწავლების გამავრცელებლები, იეზუიტები სწრაფად იქცნენ კათოლიკური სარწმუნოების ყველაზე გავლენიან დამცველებად პროტესტანტული რეფორმისა და კონტრრეფორმის ხანაში. ქრისტიანული განათლების მიმართულებით ამ ძირითადი მოღვაწეობის გარდა (რომელიც უმთავრესად უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში - მეტწილად, ორდენის კოლეგიუმებში – მიმდინარეობდა), ორდენის არსებობის ისტორიაში იეზუიტებმა მრავალ სხვა სფეროშიც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. ისინი იყვნენ, მაგალითად, სულიერი ხელმძღვანელები, დიდგვაროვანთა აღმსარებელნი, მისიონერები წარმართთა შორის და სწავლულები. საუკუნეთა მანძილზე არაერთი ბრალდება წაუყენეს ცალკეულ იეზუიტებსა და მთლიანად ორდენს, რომელიც კლემენტე XIV-მ, ფრანგული მონარქიის ზეწოლის შედეგად, 1773 წელს გააუქმა. 1814 წელს პიუს VII-მ ორდენი ხელახლა აღადგინა. საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებათა მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ორდენის წევრები დღეს ახალ საეკლესიო მიმართულებათა განსაზღვრის, არაკათოლიკე სამყაროსა და ათეიზმთან დიალოგისა და პოლიტიკურ-სოციალურ ვალდებულებათა მიმართულებებით მოღვაწეობენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9