A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იერუსალემის ტაძარი

It. Tempio di Gerusalemme
ებრაული რელიგიის ცენტრი, ჩაფიქრებული დავითის (2მეფ. 7:1, შმდ.; 3 მეფ. 5:27, შმდ.) და აგებული სოლომონის მიერ (3 მეფ. 6; 2ნეშტ. 3) იმ ადგილას, სადაც დღეს ომარისა და ალ-აქსას მეჩეთები მდებარეობს. 586 წელს ტაძარი ნაბუქოდონოსორმა დაანგრია (2 ნეშტ. 36:19), განდევნის შემდეგ კი ზორობაბელმა (520-515) აღადგინა, – უფრო მცირე ზომისა (გამ. 3:7-4:4; 5:1, შმდ.; ანგ. 2:2-9). შემდეგ ტაძარს იუდა მაკაბელმა ჩაუტარა სარესტავრაციო სამუშაოები და აკურთხებინა (1 მაკ. 4:49). ქრისტემდე 20 წელს ჰეროდე დიდმა ტაძარს დიდებული რეკონსტრუქცია ჩაუტარა (იოან. 2:20), ხოლო ქრისტეს შობიდან 70 წელს კი ტაძარი საბოლოოდ დაანგრიეს რომაელებმა (შდრ. მათ. 24:1, შმდ.; მარკ. 13:1, შმდ.; ლუკ. 19:44; 21:5, შმდ.; იოან. 2:19, შმდ.; 11:48). ტაძრისაგან დღეისათვის მხოლოდ დასავლეთის, გოდების კედლის სახელით ცნობილი ნაშთიღა დარჩა. იერუსალემის ტაძარი მოიცავდა ატრიუმს და სამ ეზოს, საკურთხეველს (ნელსაცხებელთა საკურთხევლით, არსობის პურთა მაგიდითა და შანდლებით) და წმიდათა წმიდას (სადაც მოთავსებული იყო აღთქმის კიდობანი). ტაძარი მიჩნეული იყო ღმრთის სახლად (3 მეფ. 5:19; 8:20; 2 ეზრ.6:1, შმდ.; იოან. 2:16; 1ტიმ. 3:15), სალოცავ ადგილად (3 მეფ. 8:29; 9:3; ეს. 56:7; მათ. 21:13; მარკ. 11:17; ლუკ. 19:46). ტაძრად იქნა მიყვანილი იესო (ლუკ. 2:22, შმდ.); იქ იპოვეს იგი შემდეგ მშობლებმა (ლუკ. 2:46); იგი აქ ასწავლიდა (ლუკ. 19:47; 21:37; 22:53; იოან. 8:2; 18:20); ამ ტაძრიდან განდევნა მან მოვაჭრენი (შდრ. მალ. 3:1, შმდ.; მათ. 21:12, შმდ; იოან. 2:14, შმდ.); მან იწინასწარმეტყველა მისი დანგრევა, ხოლო ახალ ტაძრად კი საკუთარი სხეული დაასახელა (იოან. 2:19, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9