A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იესო ქრისტე

Etym. ბერძნ. Jesús, მომდინარეობს ებრაულიდან Jesûa, რაც შემოკლებული ფორმაა სახელისა Jehosua: „იაჰვე ხსნაა“; ქალწულ მარიამის მიერ შობილ ჩვილს იესო ეწოდა, „ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათ. 1:21), ხოლო სახელი „ქრისტე“ მომდინარეობს ბერძნულიდან christós, რაც არის თარგმანი ებრაული სიტყვისა mashiah (მესია) „ცხებული“, „კურთხეული“
It. Gesù Cristo
სახელი იესო ქრისტე სარწმუნოების ყველაზე მოკლე და ღრმა ფორმულაა, რადგანაც აღნიშნავს ერთსა და იმავე დროს, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. მამა ღმრთის მხოლოდშობილი ძე, სამების მეორე პიროვნება, ღმრთის მიერ დადგენილ დროს განკაცდა, რათა მთელი კაცობრიობა ეხსნა. იესო იუდეაში, ბეთლემში დაიბადა ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე 6 წელს (მონაზონმა დიონისე მცირემ იესოს დაბადების თარიღის გამოთვლისას შეცდომა დაუშვა და ექვსწლიანი ცდომილება მიიღო: დიონისემ იესოს დაბადების წელად რომის დაარსებიდან 754 წელი მიიჩნია, ნაცვლად 748 წლისა, რაც სინამდვილეს შეესაბამება). დაახლოებით 30 წელი იესომ გალილეის ქალაქ ნაზარეთში იცხოვრა (დაფარული ცხოვრება), სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელი კი ისრაელი ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გამოცხადებას მიუძღვნა. იესო ქრისტეს ცხოვრების ამ პერიოდის, მისი უწყებისა და მის ქმედებათა შესახებ მოგვითხრობს მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები. თავისი ქადაგება იესომ დაიწყო უწყებით: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მარკ. 1:15). პალესტინის მიწაზე გამოთქმული იესოს ეს უწყება სინამდვილეში დედამიწის ყველა დროში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს მიმართავს, უწინარესად – გაჭირვებულთ, ტანჯულთ, გარიყულთ (შდრ. ნეტარებანი, მათ. 5:1-11). იესო სინაის მთის ძველი კანონის გაუქმებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მის აღსრულებას იმგვარი სრულყოფილებით, რომ ამ კანონის ძირეული არსი წარმოჩნდეს და ცდომილებანი გამოსწორდეს (შდრ. CCC, 592), რაც შესაძლებელს გახდის ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულის მცნების განცდას. თანამედროვეებმა ვერ გაუგეს იესოს, მას თავისივე ხალხის სულიერი მოძღვრები დაუპირისპირდნენ. თორმეტი მოციქულიდან ერთი-ერთის, იუდას, მიერ გაცემულ იესოს ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს. სწორედ მამა ღმრთისადმი „ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილ. 2:8) სიყვარულის მორჩილების მეშვეობით ასრულებს იესო ქრისტე თავის მხსნელ მისიას მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ. ღმრთის ძლევამოსილების მეშვეობით იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგება (რასაც მისი მოწაფეები ადასტურებენ) და თავს აღწევს სიკვდილს. ამავე დროს, იგი საბოლოოდ ახორციელებს ხსნის ქმედებას და იქცევა მკვდრეთით აღდგომის საწყისად ყოველი ადამიანისთვის, ვისაც მისი სწამს. იესო ქრისტეს მისიას აგრძელებს მისი სიტყვებითა და ქმედებებით დაარსებული და სული წმიდის გარდამოსვლით ხსნის საიდუმლოდ მოვლენილი ეკლესია, რომელიც სახარებას უქადაგებს ყველა ადამიანს და ღმრთისა და ადამიანთა თანაზიარების ნიშნად და საშუალებად წარმოგვიდგება (შდრ. CCC, 778-780).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9