ძველი აღთქმის ორი ისტორიული წიგნი (აღმოსავლურ ტრადიციაში მათ მეფეთა 1-2 ეწოდება). თხზულება ორ ნაწილად მოგვიანებით იქნა დაყოფილი, თავდაპირველად ის ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ლათინური ვერსიის სათაური სავარაუდოდ მომდინარეობს ძველი იუდაური ტრადიციიდან, რომლის თანახმადაც სამუელი იყო ავტორი ოთხ ნაწილად დაყოფილი ორი წიგნისა, რომლის თითოეული ნაწილი გამოჩენილ პიროვნებათა შესახებ მოგვითხრობს. პირველ ნაწილში (1 მეფ. 1-7) ელის სამღვდელო საქმიანობის კონტექსტში აღწერილია სამუელის წინსვლა დაბადებიდან წინასწარმეტყველურ მოწოდებამდე და ისრაელის მხსნელად მის გადაქცევამდე. მეორე ნაწილი (1 მეფ. 8-15) მოგვითხრობს მონარქიის დამყარებისა და საულის მეფობის დასაწყისის შესახებ, რომელსაც ხიფათი ელის. მესამე ნაწილში (1 მეფ. 16 –2 მეფ. 4) აღწერილია დავითის წინსვლა, მისი არჩევიდან და საულის კარზე მოხვედრიდან მთელი ისრაელის მეფედ გამოცხადებამდე. მეოთხე ნაწილი კი (2 მეფ. 5-20) გვაცნობს დავითის პოლიტიკურ, სამხედრო და რელიგიურ საქმიანობას, წინასწარმეტყველ ნათანის მიერ მისთვის მიცემული პირობას, სამეფო კარის ინტრიგებს, რომლებშიც საულის შვილები მერიბ-ბაალი, სოლომონი და ასალონიც აღმოჩნდნენ ჩართული. დანართი (2 მეფ. 21-24) ეთმობა ორ ლირიკულ კომპოზიციას და სტიქიური უბედურების ორ აღწერილობას. ნაწარმოების ლიტერატურული ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუელის წიგნები რთული ხასიათის თხზულებაა. მიუხედავად გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებისა და წიგნის შექმნის ხანგრძლივი პროცესისა, სამუელის პირველი და მეორე წიგნები ორგანული სტრუქტურითა და ერთიანი ჩანაფიქრით ხასიათდება. ნაშრომში წარმოდგენილია ძირეული და დამახასიათებელი ასპექტებით გამორჩეული მონარქიის ისტიტუტის მიზანშეწონილობა. ნაწარმოების სამი მთავარი გმირის – სამუელის, საულისა და დავითის აღწერილობაში უპირატესობა ენიჭება მათი ცხოვრების წარმმართველი მოვლენის ხაზგასმას, დანარჩენი საქმიანობა კი ლაკონურად არის შეჯამებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4