A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამღვდელოება

Etym. ბერძ. kléros „ბედი“ და, ფართო მნიშვნელობით, „წილად რგებული ხვედრი“, შემდეგ ლათ. clerus
It. Clero
ქრისტიანობის ადრეულ ხანაში ამ ტერმინით – „კლეროს“ – მოიხსენიებდნენ მთელ ქრისტიან ხალხს, როგორც რჩეულ ერს, თუმცა უკვე III საუკუნიდან ამ სახელს კულტის მსახურებს უწოდებენ. წმიდა იერონიმეს განმარტებით, სამღვდელოთ ეს სახელი იმიტომ ეწოდება, რომ ისინი უფლის ნაწილია. წმიდა ავგუსტინე კი ტერმინის გამოყენებას იმ ფაქტით ასაბუთებს, რომ მოციქული მათია წილისყრით იქნა არჩეული. სამღვდელოება საეკლესიო საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მის მეორე ნაწილს „საერონი“ წარმოადგენენ (შდრ. CIC, კან. 207, 1-2). კანონიკური სამართლის კოდექსის 266-ე კანონი იუწყება: „ადამიანი სამღვდელოების წევრად იქცევა სადიაკვნო ხელდასხმის შედეგად და განწესდება ცალკეულ ეკლესიაში ან პერსონალურ პრელატურაში, რომლის მსახურებისთვისაც არის დაშვებული“. ამიტომაც, სამღვდელოებას მიეკუთვნება სამღვდელო სტატუსის მატარებელი ყველა პირი. მხოლოდ ამ პირთა კომპეტენციაა საეკლესიო მმართველობისა და ხელდასხმის განხორციელება-აღსრულება. სამღვდელოთ უმაღლესი პონტიფექსისა და საკუთარი ზემდგომისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და მორჩილების გამოხატვა ევალებათ; ვალდებულნი არიან, ყოველდღიურად აღავლინონ ჟამთა ლიტურგია, ხოლო ლათინურ ეკლესიაში დაიცვან ცელიბატი (ეს არ ეხება მხოლოდ დაქორწინებულ დიაკვნებს), „რომელიც წარმოადგენს ღმრთის განსაკუთრებულ ნიჭს, რისი მეშვეობითაც მღვდელმსახურებს უფრო ადვილად შეუძლიათ ეზიარონ ქრისტეს განუყოფელი გულით და იძენენ უნარს, უფრო თავისუფლად მიუძღვნან საკუთარი თავი ღმრთისა და ადამიანთა მსახურებას“ (CIC, კან. 277). სამღვდელოების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის გავლა, მათ აქვთ უფლება, „თავიანთი მსახურების მიზეზებით“, არ გამოვიდნენ იმ ფაქტებისა და მოვლენების მოწმეებად, რომელთა შესახებაც ცნობები აქვთ, გარდა ამისა, არ შეუძლიათ გარკვეულ თანამდებობათა დაკავება ან გარკვეული საქმიანობის წარმართვა (მაგ. არ აქვთ უფლება, იყვნენ ადვოკატები, ნოტარიუსები, მერები).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9