A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფრა

ფრანცისკელები

It. Francescani
ასე ეწოდებათ ფრანცისკელთა ოჯახის სამი ორდენიდან ერთ-ერთის წევრებს. ეს ორდენებია: ძმათა (Ordo fratrum minorum), კლარისელ დათა და საეროთა ორდენები. იეზუიტთა მსგავსად, ფრანცისკელები კათოლიკე ეკლესიის ძირითად და ყველაზე აქტიურ ორდენს წარმოადგენენ. ორდენი წმიდა ფრანცისკე ასიზელმა (†1226) დააარსა. ფრანცისკე ასიზიში, 1181 წლის დასასრულს ან 1182 წლის დასაწყისში დაიბადა პიეტრო დი ბერნარდონესა და პიკას ოჯახში. ახალგაზრდობა მან საკმაოდ უდარდელად გაატარა, სამხედრო კარიერის წამოწყების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ღმერთს მიუძღვნა თავი, რათა ღარიბთა და გაჭირვებულთა სასარგებლოდ ეღვაწა. მისი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ოჯახთან მან ურთიერთობა გაწყვიტა და ქადაგება და უპოვარი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაიწყო. იგი ცდილობდა, ქცეულიყო „მეორე ქრისტედ“ მისი მიბაძვისა და ხორცის მოკვდინებამდე მიყვანილი მორჩილების მეშვეობით. ფრანცისკეს მალე გაუჩნდა მიმდევრები თანამოძმეთა შორის, რომელთათვისაც მან სამოწესეო ცხოვრების არსებითი ელემენტების შემცველი წესი ჩამოაყალიბა. ინოკენტი III-მ 1210 წელს სიტყვიერად დაადასტურა ფრანცისკელთა წესი. 1212 წელს წმიდა ფრანცისკემ წმიდა კლარასთან ერთად ჩამოაყალიბა მეორე ორდენი, 1221 წელს კი – საეროთა მესამე ორდენი. 1223 წლის 29 ნოემბერს ჰონორიუს III-მ საბოლოოდ დაამტკიცა ფრანცისკელთა წესი. 1224 წლის სექტემბერში წმიდა ფრანცისკეს ვერნას მთაზე სხეულზე სტიგმები გამოესახა, 1225 წელს კი მან შეთხზა „ქმნილებათა ქება“, იტალიური ლიტერატურის პირველი დიდი ნაწარმოები. წმიდა ფრანცისკე 1226 წლის 4 ოქტომბრის დამდეგს პორციუნკოლაში, ასიზის მახლობლად გარდაიცვალა. ფრანცისკელები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ წმიდა ცხოვრების წესით, არამედ, აგრეთვე, მოძღვრების გაღრმავებითაც, რაც ბონავენტურას, როჯერ ბეკონის, დუნს სკოტის, უილიამ ოკამისა და სხვა დიდ პიროვნებათა დამსახურებაა. ამავე დროს, ფრანცისკელთა ისტორია მდიდარია, აგრეთვე, კონფლიქტებითა და რეფორმებით, რაც, უმთავრესად, უპოვარების საკითხს უკავშირდება, რომელიც XIV საუკუნეში ობსერვანტ (osservanti; წესის დამცველები) და კონვენტუალ (conventuali; სამონასტრონი) ფრანცისკელებს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა. ობსერვანტებმა, რომელთაც ქვეყნისაგან განდგომის უძველესი იდეალისადმი ერთგულება შეინარჩუნეს, 1368 წლის შემდეგ უპირატესობა მოიპოვეს უფრო შემრიგებლური მენტალიტეტის მქონე კონვენტუალებთან შედარებით, რომლებიც ქალაქურ მონასტრებში ცხოვრობდნენ. 1517 წელს ობსერვანტების ორდენი პაპმა ლეონ X-მ აღიარა (ბულა Ite et vos in vineam), მოწესეებმა დაიმკვიდრეს სახელი Ordo Fratrum Minorum regularis observantiae (O.F.M. – მინორიტები). კონვენტუალი ფრანცისკელები დამოუკიდებელ შტოდ დარჩნენ (O.F.M.Conv. –კონვენტუალები). კიდევ ერთი რეფორმისტული მოძრაობის მოთავეები გახდნენ კაპუცინები (O.F.M. Cap.). მათ მიერ წამოწყებულმა მოძრაობამ XVI საუკუნეში დაადასტურა ფრანცისკულ იდეალთა სიცოცხლისუნარიანობა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს თავის ძალას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9