A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კარდინალი

It. Cardinale

ტერმინი აღნიშნავს:

ა) ყველაზე მაღალი წოდების მქონე, პაპის თანამშრომლებსა და მრჩევლებს ეკლესიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში. არაუგვიანეს VI საუკუნიდან კარდინალი ეწოდებოდა მღვდელს ან დიაკონს, თავის უნართა გამო გადაყვანილს ეკლესიიდან, რომლის მსახურებისთვისაც მიიღო ხელდასხმა და რომლის სახელსაც ატარებდა, სხვა ეკლესიაში, რომელზეც იგი დამოკიდებული იყო (სავარაუდოდ, ამან განაპირობა ტერმინ „კარდინალის“ წარმოქმნა ლათინური სიტყვიდან cardo). VIII საუკუნიდან კარდინალის წოდება ენიჭებოდა მხოლოდ საკათედრო ტაძრის დიოცეზურ სამღვდელო პირთ, რომლებიც ეპისკოპოსის საბჭოს ანუ სენატს შეადგენდნენ.

რომში კარდინალთა სამი კატეგორია არსებობდა:

ა) დიაკონი კარდინალები, რომლებიც ლატერანის სასახლესა და რომის შვიდ ოლქს მართავდნენ და იქ მცხოვრებ ღარიბებზე ზრუნავდნენ;
ბ) მღვდელი კარდინალები, რომლებიც მყარად იყვნენ განაწილებულნი რომის ხუთ მთავარ ეკლესიაში (წმიდა პეტრეს ტაძარი, წმიდა პავლეს ტაძარი, წმიდა ლავრენტი გალავანს მიღმა, წმიდა მარია უმთავრესი, წმიდა იოანე ლატერანში), სადაც ლიტურგიულ მსახურებას აღასრულებდნენ;
გ) ეპისკოპოსი კარდინალები, რომლებიც განაგებდნენ რომის სიახლოვის შვიდ დიოცეზს და ეხმარებოდნენ პაპს ლიტურგიული მსახურების აღვლენაში ლატერანის ბაზილიკაში. სამივე კატეგორიის კარდინალები შეადგენდნენ რომის პონტიფექსის საბჭოს, ანუ სენატს და, როგორც ლეგატები, წარმოადგენდნენ მას, – მათ შორის, მსოფლიო კრებებზე. არა მხოლოდ რომის დიოცეზის, არამედ საყოველთაო ეკლესიის მართვაში პაპის თანაშემწეებად XI საუკუნიდან კარდინალები უკვე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეთაგან არიან მოწვეულნი და ქმნიან კოლეგიას. კარდინალებს პაპი კონსისტორიუმზე ასახელებს. კარდინალთა კოლეგიას დეკანოზი კარდინალი უძღვება. მის პრეროგატივათა რიცხვს განეკუთვნება, ჰკითხოს კონკლავზე პაპად არჩეულს, იღებს თუ უარყოფს იგი ამ წოდებას, და ეპისკოპოსად აკურთხოს ახალარჩეული რომის პონტიფექსი, თუკი ის ეპისკოპოსის ღირსებას არ ატარებს (CIC, კან. 355). ვიკარუსი კარდინალი ეწოდება პაპის წარმომადგენელსა და მოადგილეს რომის დიოცეზის მართვაში. 1958 წელს იოანე XXIII-მ გადააჭარბა კარდინალთა დადგენილ რაოდენობას –სამოცდაათს და, ამასთანავე, დაადგინა, რომ სამივე კატეგორიის კარდინალებს ეპისკოპოსის წოდება უნდა ჰქონოდათ. 1970 წელს პაპმა პავლე VI-მ ოთხმოც წელს გადაცილებულ კარდინალთა კონკლავიდან დათხოვნა გადაწყვიტა. კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად (კან. 349), კარდინალთა კოლეგიას სამი ფუნქციის შესრულება ეკისრება: საკოლეგიო წესით რომის პონტიფექსის არჩევა; რომის პონტიფექსისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით კონსისტორიუმზე რჩევათა მიცემა; თითოეული მათგანის - როგორც ცალკეული კარდინალის - მხრიდან, რომის პონტიფექსის დახმარება საყოველთაო ეკლესიაზე ზრუნვაში. ამ უკანასკნელი ამოცანის შესასულებლად კარდინალები რომის კურიის შემდეგ თანამდებობებს იკავებენ: სახელმწიფო სამდივნოს თავმჯდომარე, რომის კონგრეგაციათა და სამოციქულო საბეჭდავის წევრები და პრეფექტები, ეკონომიკურ საქმეთა საბჭოებისა და პრეფექტურის წევრები და თავმჯდომარე, სამოციქულო სასამართლოს თავმჯდომარე, სამოციქულო პალატისა და წმიდა საყდრის ქონების ადმინისტრაციის თავმჯდომარეები, ლეგატები a latere (CIC, კან. 358; 360). კარდინალთა, როგორც პაპის მრჩეველთა, საკოლეგიო საქმიანობა უმთავრესად მიმდინარეობს კონსისტორიუმზე, რომელსაც პაპი იწვევს და თავმჯდომარეობს. პაპს შეუძლია კარდინალთა პლენარული სხდომის მოწვევა ისე, რომ მას კონსისტორიუმის ფორმა არ მიეცეს (CIC, კან. 353, ნაწ 1).

ბ) კარდინალური ეწოდება ერთ-ერთს ან მეტს კათოლიკური რელიგიის ოთხ სათნოებათაგან: კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე, თავშეკავება.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9