A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
ინდ ინვ ინი ინკ ინტ ინფ

ინვესტიტურა

It. Investiture, lotta delle
ასე ეწოდება პოლიტიკურ და რელიგიურ დაპირისპირებას, რომელიც არსებობდა XI-XIII საუკუნეებში პაპის ინსტიტუციასა და იმპერიას შორის საეკლესიო თანამდებობებთან დაკავშირებით. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეპისკოპოსებს სასულიერო პირები ირჩევდნენ, მორწმუნეთა საკრებულოსთან ერთად. ბარბაროსთა შემოსევების პერიოდში სამეფო ხელისუფლებამ აქტიური ჩარევა დაიწყო ეპისკოპოსთა არჩევის პროცესში. ვითარება გართულდა ოტონ I-ის დროს, რომელმაც ფეოდალური საზოგადოების დაქუცმაცების თავიდან ასაცილებლად ეპისკოპოს-მთავრის ფიგურა დაამკვიდრა. ეპისკოპოსობის მინიჭება ინვესტიტურის ცერემონიის მეშვეობით ხდებოდა. მეფე წარმოთქვამდა ფრაზას: „Accipe Ecclesiam“ („აიღე ეკლესია“), რჩეულს გადასცემდა კვერთხს და, XI საუკუნიდან, აგრეთვე, ბეჭედსაც. საეკლესიო საქმეებში საერო ხელისუფლების ჩარევა ერთგვარად გამართლებული იყო იმპერატორთა ინტერესით, პაპის ინსტიტუცია ძლევამოსილ არისტოკრატიულ ოჯახთა გავლენისგან გაეთავისუფლებინათ. 962 წლიდან ოტონ I (Privilegium Othonis) პაპის არჩევნებშიც ეროდა: მან გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ახლად არჩეულ პაპს იმპერატორის დასტური უნდა მიეღო და მისი ერთგულების ფიცი უნდა დაედო. სუტრის კრებაზე (1046) კი ჰაინრიხ III-მ იმპერატორს პაპის პირდაპირ არჩევის უფლება დაუმტკიცა. შედეგად პაპის ინსტიტუტი დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში იმპერატორთა უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. 1059 წლის კრებამ, რეფორმატორთა ერთი ჯგუფის (მათ შორის იყო ჰილდებრანდ სოვანელი, მომავალი პაპი გრიგოლ VII) მოთხოვნათა გათვალისწინებით, პაპის არჩევის უფლება მხოლოდ კარდინალებს მიანიჭა და რომელიმე საერო ხელისუფლისაგან ნებისმიერი საეკლესიო ღირსების ინვესტიტურის მიღება აკრძალა. ამგვარად, ეკლესიას კვლავ დაუბრუნდა თავისუფლება. გრიგოლ VII-მ არჩევისთანავე, 1075 წელს რომის კრებას უკანონოდ გამოაცხადებინა საერო ხელისუფლების მიერ გაცემული ინვესტიტურები. ოცდაექვსმა ეპისკოპოსმა უარი თქვა პოლიტიკური ძალაუფლების დათმობაზე და 1076 წელს ვორმსში პაპი გრიგოლ VII გადაყენებულად გამოაცხადა. პაპის პასუხი ქმედითი და დროული იყო: მან განკვეთა იმპერატორი ჰაინრიხ IV, ტახტი წაართვა მას და ქვეშევრდომნი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცისაგან გაათავისუფლა. 1077 წელს კანოსაში პაპსა და იმპერატორს შორის გამართულმა შეხვედრამ ბოლო ვერ მოუღო დაპირისპირებებს. შეთანხმების მიღწევა 1122 წელს მოხერხდა, პაპ კალისთე II-სა და იმპერატორ ჰაინრიხ V-ს შორის. მათი შეთანხმება ვორმსის კონკორდატის სახელითაა ცნობილი და მასში განსხვავებულია ერთმანეთისგან ეპისკოპოსთა არჩევა (რაც სასულიერო პირთა და დიოცეზის საკრებულოს პრეროგატივა იყო) და ინვესტიტურა, რომელიც, თავის მხრივ, იყოფოდა საეკლესიოდ – სულიერი ძალაუფლებისათვის, და საეროდ – დროებითი მმართველობისა და ქონების მართვის მიზნით (regalia ან temporalia). პაპი მხოლოდ გერმანიის შემთხვევაში აღიარებდა იმპერატორის უფლებას, მიეღო მონაწილეობა ეპისკოპოსთა არჩევნებში და მოეგვარებინა სავარაუდო უთანხმოებანი. ინვესტიტურის ცერემონიაზე იმპერატორი ეპისკოპოსს კვერთხსა და ბეჭედს (სულიერი ძალაუფლების სიმბოლო) კი აღარ გადასცემდა, არამედ სკოპტრას (საერო ძალაუფლების სიმბოლოს). გერმანიაში ინვესტიტურა არჩევნების შემდეგ და კურთხევამდე ტარდებოდა, იტალიასა და სხვა ქვეყნებში კი კურთხევის შემდეგ. დროებითი ქონების მართვის ინვესტიტურის მიღების შემდეგ ეპისკოპოსებს უფლება ჰქონდათ, იმპერატორისთვის ერთგულების ფიცი დაედოთ. ვორმსის კონკორდატი შემდეგ ლატერანის I მსოფლიო კრების მიერ (1123) იქნა რატიფიცირებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9