A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
ინდ ინვ ინი ინკ ინტ ინფ

ინკვიზიცია

Etym. ლათ. inquisitio (მომდინარეობს ზმნიდან inquirere „გამოძიება“, „დაკითხვა“)
It. Inquisizione
შუა საუკუნეებში ასე ეწოდებოდა საგანგებო საეკლესიო სასამართლოს, გამიზნულს ერესთან საბრძოლველად და მის დასამარცხებლად. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (381 წლის თევდოსის ედიქტი), წამოიჭრა იმპერიის მთლიანობის დაცვის პრობლემა რელიგიის ერთიანობის გზითაც. ეკლესიის ზოგიერთმა მამამ, მათ შორის წმიდა ავგუსტინემაც, გაამართლეს არამართლმორწმუნე თუ ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის მიზნით იძულების გამოყენება. IV-V საუკუნეებიდან სახელმწიფო ერეტიკოსებს სჯიდა გადასახლებით, ქონების კონფისკაციითა და დაპატიმრებითაც კი. თვით ინკვიზიცია კი მოგვიანებით დამკვიდრდა. 1184 წელს ლუციუს III-მ დაამკვიდრა საჯარო ბრალდებასთან შედარებით უფრო სწრაფი პროცედურა და დაავალდებულა ეპისკოპოსები, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პირადად ან რწმუნებულთა მეშვეობით მოენახულებინათ ერესით შებღალული საკრებულოები და ფიცის ქვეშ მოესმინათ სანდო პირთა ჩვენებანი. თავდაპირველად უშუალოდ ეპისკოპოსის მოვალეობას წარმოადგენდა ბრალდებულთა მოძიება (inquisitio), მათი ეკლესიასთან შემორიგება ან, თუკი ერეტიკულ იდეებზე უარს არ იტყოდნენ, დასჯა. ალბიგოელთა წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიის შემდეგ ტულუზის გრაფმა რაიმუნდ VII-მ, მეფე ლუი I-მა და პაპის ლეგატმა ხელი მოაწერეს პარიზის ტრაქტატს (1229), რომელიც ინკვიზიციათან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარებას აღუთქვამდა ეკლესიას. იგივე პოზიციას იზიარებდა აგრეთვე ფრიდრიხ II. ამგვარად მოხდა, რომ 1231 წლის შემდეგ გრიგოლ IX-მ ევროპაში ჩამოაყალიბა ინკვიზიციის სასამართლოთა ქსელი, რომელთაც მუდმივი ინკვიზიტორები ხელმძღვანელობდნენ, უმთავრესად ეს იყვნენ ერესის ნებისმიერ დანაშაულებასთან დაკავშირებით სრული იურისდიქციის მქონე ფრანცისკელი და დომინიკელი მოწესეები. ინკვიზიციის დროს გამოყენებული პროცედურები ნიკოლა ეიმერიკისა და ბერნარდო გის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოთა მეშვეობით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე ადამიანის გამოსაძახებლად ან დასაპატიმრებლად საკმარისი იყო საჩივარი, ეჭვი ან უბრალოდ „საზოგადო ხმა“. დაკითხვა მიმდინარეობდა ორი მოწმისა და ნოტარიუსის თანდასწრებით, რომელიც ჩვენების ოქმს ადგენდა. ყოველგვარი იურისდიქციისაგან თავისუფალი ინკვიზიტორი ფლობდა ფართო დისკრეტულ ძალაუფლობას შესასრულებელ პროცედურასთან დაკავშირებით, თუმცა ხშირად შემოკლებულ პროცედურას მიმართავდა. ბრალეულობა განისაზღვრებოდა როგორც საქმეში მონაწილე პირთა აღსარების, ისევე მოწმეთა მტკიცებულებების საფუძველზე. ბრალდებულისაგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდნენ: შიმშილს, ჯაჭვით დაბმასა და წამებას. ბრალდებულის დანაშაულის დამტკიცებისა და განაჩენის გამოტანის შემდეგ სასჯელმისჯილს საერო ხელისუფლებას გადასცემდნენ, რომელსაც განაჩენის აღსრულება ევალებოდა. ინკვიზიტორთა შორის განსაკუთრებით დომინიკელებმა გამოიჩინეს თავი, რომელთაც დაკითხვათა დახვეწილი სისატიკის გამო „ღმრთის ძაღლთა“ (Domini canes) ორაზროვანი მეტსახელი დაიმსახურეს. საბედნიეროდ, ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ XIV-XV საუკუნეებში გერმანიასა და საფრანგეთში სამოძღვრო საკითხთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად შესუსტდა კუდიანებზე ნადირობის გააქტიურების გამო. ინკვიზიციამ საეჭვო სახელი მოიხვეჭა ესპანეთში, სადაც ეჭვმიტანილთა შორის ძირითადად ებრაელები და ქრისტიანობაზე მოქცეული არაბები აღმოჩნდნენ (სავალდებულო მოქცევები 1391 წლიდან). კასტილიაში მოღვაწე (1481) პირველი ესპანელი „დიდი ინკვიზიტორის“ – დომინიკელი თომა დი ტორკვემადას (1420-1498) დროიდან მოყოლებული ინკვიზიციამ მოაწყო 9.000 აუტოდაფე (ლათ. actus fidei, ინკვიზიციის სასამართლოს რწმენის ოფიციალური აღსარება და განაჩენის გამოცხადება, რომელსაც მოჰყვებოდა მისი აღსრულება), თუმცა განაჩენთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით კოცონზე დაწვის განაჩენთა პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9