A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იოა იობ იოგ იოე იონ იოს

იობის წიგნი

It. Giobbe, libro di
ისრაელის სიბრძნის ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუში და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, რაც განპირობებულია არა მხოლოდ წიგნში წამოჭრილი მარადიული პრობლემით, – ესაა უდანაშაულო ადამიანის ტანჯვის თემა, – არამედ იმ ლიტერატურული ფორმითაც, რომელიც მისცა ნაშრომს V საუკუნის ანონიმმა ებრაელმა ავტორმა. წიგნი დაწერილია პოეტური დიალოგის სახით, რომელსაც წინ უძღვის პროლოგი (1-2) და ასრულებს პროზაული ფორმის ეპილოგი (42:7-17). ბიბლიური ავტორის ნაშრომს ტანჯვით შეპყრობილი მართალი კაცის ძველი ამბავი უდევს საფუძვლად. მასზე დაყრდნობითაა შეთხზული პოეტური დიალოგი იობსა და მის სამ მეგობარს შორის, რომელთაც იობის გასაჭირის შესახებ შეიტყვეს და მის მოსანახულებლად მივიდნენ. თავდაპირველად იობი თავისი ბედუკუღმართობის გამო გამოხატავს წუხილს, შემდეგ თითოეული მეგობარი სათითაოდ სამჯერ გამოთქვამს თავის აზრს და იობი ყოველ ჯერზე გასცემს პასუხს თითოეულ მათგანს. ამგვარად იქმნება საუბართა სამი ციკლი (3-27), რომლებშიც ოფიციალური სიბრძნის წარმომადგენლები იცავენ თეზისს ღმრთის სამართლიანი საზღაურის შესახებ, ვინც დამსახურებისა და დანაშაულის შესაბამისად აჯილდოვებს ან სჯის ადამიანებს. თავის პასუხებში იობი ეკამათება ამ სიბრძნეს საკუთარ ამბავსა და სხვა მსგავს შემთხვევებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებაც სმენია. 29-31 თავებში გადმოცემულ უკანასკნელ გრძელ მონოლოგში იობი ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას და ღმერთს მოუწოდებს, ჩაერთოს კამათში, თუმცა ღმრთის ჩარევას წინ უძღვის უფრო გვიანდელი ხანის ელიჰეს (32-37) სიტყვა. ღმერთი ერთვება საუბარში (38-41), სამყაროს საიდუმლოებათა შესახებ ესაუბრება იობს და ახვედრებს მას, რომ ის საიდუმლოების მჭიდრო ქსელში ჩაფლული ქმნილებაა, რომელიც შემოქმედი ღმრთის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას ექვემდებარება. იობი ხედავს, რომ ღმერთი არ გმობს მას, როგორც ცოდვილს (როგორადაც მას მეგობრები მიიჩნევდნენ), თუმცა არც მის მიერ გამართულ სამსჯავროზე წარდგება ბრალდებულის სახით (თავად როგორც სურდა იობს), აცნობიერებს საკუთარ ამპარტავნებას, უარს ამბობს მანამდე გამოთქმულ პრეტენზიებზე, აღარ სთხოვს ღმერთს რამე პასუხს და არც სასჯელისაგან თავის გათავისუფლებას (42:1-6). იობისთვის უმნიშვნელოვანესია შეხვედრა ღმერთთან, რომელმაც იგი არ დაგმო: იობმა ხელახლა პოვა საკუთარი ღმერთი და ახლა სხვა აღარაფერი ესაჭიროება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9