A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კაბალა

It. Qabbalah
ებრაული სიტყვა კაბალა („ტრადიცია“) აღნიშნავს XIII საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ მჭვრეტელობით მიმდინარეობას, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთისა და ჩრდილოეთ ესპანეთის განათლებული ებრაელები გააერთიანა. მიმდინარეობა სამყაროს ნეოპლატონისტურ კონცეფციას დაეყრდნო და, უმთავრესად, ტრადიციის წყაროთა მეშვეობით (ბიბლია, თალმუდი, მიდრაში) შეეცადა განესაზღვრა დამოკიდებულება აბსოლუტურად ტრანსდენდენტურ ღმრთაებასა (ენ სოფ) და შესაქმეს შორის. ყოფნის ცნობილ საფეხურებს, რომლებიც არისტოტელესეულ და ნეოპლატონისტურ ტრადიციაში ღმრთაებასა და (მატერიალურ) სამყაროს შორის შუამავლობს, კაბალისტებმა ღმრთაებიდან მომდინარე ათი აქტიური ღმრთაებრივი ძალა (სეფიროთ) დაუმატეს. ამ ძალათა სახელწოდებები და აღწერილობა ბიბლიურ და რაბინულ თეზისთა ალეგორიულ-სიმბოლურ ხედვას ეფუძნება. ებრაული ბიბლია მთლიანად განიხილება სეფიროთების პროცესთა დაშიფრულ აღწერილობად, რომლის სწორად გაგება კაბალის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. პირველი სეფირა (კეტერ/გვირგვინი) ტრანსცენდენტური ღმრთაებიდან გამოსვლას წარმოადგენს (ზოგჯერ მას უტოლდება) ღმრთის „ნების“ ან „ნააზრევის“ სახით. მეორე სეფირა არის ღმრთაებრივი სიბრძნე, (ჯერაც განუსაზღვრელი) თორას იდეა, რომელიც მესამე სეფირაში (გონიერება) ნელ-ნელა ყალიბდება ებრაულ ნაწერთა იდეებში, ებრაული ენის მკაფიო ლინგვისტიკური სიმბოლიზმის მეშვეობით. უმაღლესი სეფიროთების ტრიადა თავისთავად ერთეულს წარმოადგენს. შვიდი „დაბალი“ სეფიროთიდან მეოთხე („აბრამი“) აბსოლუტურ გულმოწყალებას განასახიერებს, მეხუთე („ისააკი“) აბსოლუტურ სამართლიანობას: მათი შედეგები უნდა გაწონასწორდეს მეექვსე სეფირაში („იაკობი“, „დაწერილი თორა“). მეშვიდე და მერვე სეფიროთებს უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, მეცხრე არის „მართალი“, „(სამყაროს) ბურჯი“, მამაკაცური საწყისი; მეათე (მალკუთ, სამეფო) „ისრაელის საკრებულო“, „ზეპირი თორა“, ქალური საწყისია. ემანაციის პროცესი პირველ სეფირაში არსებული მთლიანობიდან მრავლობითისაკენ მიმდინარეობს. კაბალისტური მედიტაციისა და წესების არსი და მიზანი მდგომარეობს მრავლობითობასთან მიმართებაში ერთიანობის (იიხუდ) აღიარებაში, დამკვიდრებასა და აღდგენაში ემანაციის საფეხურებისა და სეფიროთთა გამოვლინებების მეშვეობით. თორასადმი სრული მორჩილება როგორც სეფიროთებში საწყისი ჰარმონიის, ისე ერთიანობის აღდგენას ისახავს მიზნად. იუდაურმა „მისტიკამ“ ღრმა კვალი დააჩნია ოფიციალურ რელიგიას. გვიანი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ხანის კაბალისტიკაში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება მესიანური მოლოდინი, ისტორიის დასასრულის მოახლოებაში წვლილის შეტანის თანმხლები იმედით. ამას შედეგად კაბალისტიკის გაუბრალოება მოჰყვა, იდუმალი სწავლება ერთგვარ საერთო ებრაულ თეოლოგიამდე დაქვეითდა, რამაც ხშირად ცრურწმენებისა და მაგიის სახეც კი მიიღო (ე.წ. პრაქტიკული კაბალა).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9