A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვი

კვაკერები

Etym. ინგლ. quake „კანკალი“
It. Quaccheri
XVII საუკუნის შუა წლებში აღმოცენებული მისტიკურ-ენთუზიასტური მიმართულების პროტესტანტური სექტა. მისი დამაარსებელი, მოუსვენარი ბუნების მქონე მეწაღე, რელიგიური ნათელმხილველი ჯორჯ ფოქსი (1624-1691), 1647 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ თითოეულ ადამიანს ჭეშმარიტებისა და მარადიული ხსნისაკენ ღმრთის ხმის „შინაგანი ნათელი“ (იოან. 1:9) წარუძღვება. იმის გამო, რომ ღმრთის სიტყვის მოსმენისას ფოქსს კანკალი იპყრობდა, მისი მიმდევრებს კვაკერები, „მოკანკალენი“ შეარქვეს. ფოქსის მიმდევრები თავდაპირველად თავს ნათლის შვილებს (Children of the Light), ან ჭეშმარიტების მეგობრებს (Friends of the Truth) უწოდებდნენ, 1670 წლის შემდეგ კი – მეგობართა საზოგადოებას (Society of Friends) (იოან. 15:15). ინგლისში შევიწროებულმა და დევნილმა კვაკერებმა თავი ჩრდილოეთ ამერიკას შეაფარეს, მას შემდეგ, რაც 1667 წლიდან კვაკერული მოძრაობაში ჩართულმა უილიამ პენმა (1644-1718) იქ თავის რეპრესირებულ თანამოაზრეთა და სხვა ქრისტიანული ჯგუფების წევრი კოლონისტებისთვის თავისუფალი სახელმწიფო დააარსა (პენსილვანია). პენის მიერ შედგენილი წესდება მორწმუნეებს აძლევდა სრულ რელიგიურ თავისუფლებას (1689 წლის შემწყნარებლობის აქტი), უარყოფდა ომს, სამხედრო სამსახურს, ფიცის დადებას და საეკლესიო წესით ქორწინებას. გარდა ამისა, მასში მოცემული იყო ზანგების მონობის შემსუბუქების ტენდენცია. კვაკერები „დოგმების გარეშე“ რელიგიას მისდევენ, სწამთ, რომ გარდა ბიბლიისა, ღმრთის სული უშუალოდ “შინაგანი ნათლის” მეშვეობით მეტყველებს, რომელიც თითოეულ ადამიანში არსებობს. დოგმებს, საიდუმლოებს, მღვდელმსახურებსა და ეკლესიას კვაკერები უარყოფენ როგორც ზედმეტს. კვაკერთა თავყრილობებზე ძირითადად მდუმარება სუფევს. მათი რელიგიური დებულება ომზე, სიკვდილით დასჯაზე, მონობაზე, ყოველგვარ დისკრიმინაციაზე, აზარტულ თამაშებსა და ალკოჰოლზე უარის თქმას მოითხოვს. გარდა ამისა, წახალისდება კულტურულ ურთიერთობათა დამყარება-განვითარება, მართებული ეკონომიკურ-სოციალური მიმართულება, ქალთა იურიდიული თანასწორობა, ფსიქიკურად დაავადებულთა მიმართ ადამიანური მოპყრობა. კვაკერთა საკრებულოები დემოკრატიულადაა მოწყობილი. ისინი ზედამხედველების ანუ უხუცესების მიერ იმართება. ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან განცალკევების მიზეზით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ითვალისწინებს, რელიგიურ საკრებულოთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაახლოებით 200.000 კვაკერია, დანარჩენ მსოფლიოში კი – დაახლოებით 185.000.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9