Etym. ლათ. incarnatio, თარგმანი ბერძნული სიტყვისა ensárcosis „ხორციელება“ აღნიშნავს, რომ იესო ქრისტემ, წმიდა სამების მეორე პირმა, ხორციელი ბუნება მიიღო, ადამიანის სხეულითა და სამშვინველით. ეს ტერმინი წმიდა იოანეს პროლოგიდან აღებული ფრაზისაგან იღებს დასაბამს: „სიტყვა ხორცი იქმნა“ (იოან. 1:14). ქრისტიანობის ადრეული ხანიდან მოყოლებული, მოძღვრება ხორცშესხმის შესახებ მრავალმა ერეტიკულმა მოძრაობამ დააყენა ეჭვქვეშ. ეკლესიამ ის ნიკეის (325), ეფესოს (431), ქალკედონის (451) კრებებზე დაიცვა და განაცხადა, რომ იესო არის ღმრთის ძე, ერთი პიროვნება, რომელსაც აქვს ორი ბუნება – ღმრთაებრივი და ადამიანური; იგი მამა ღმრთის ერთარსია ღმრთაებრიობით და ადამიანთა ერთარსია ადამიანურობით. ეს ორი ბუნება არც ერთმანეთშია არეული, არც გაყოფილი, არც განცალკევებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4