შუა საუკუნეთა რელიგიური შინაარსის პოეტური კომპოზიცია ხალხურ ენაზე, ხშირად სრულდებოდა საერო მელოდიაზე. ლაუდა აღმოცენდა XIII საუკუნეში ტოსკანასა და უმბრიაში და სხვადასხვა მონანიეთა ძმობების მეშვეობით სწრაფად გავრცელდა იტალიასა და ევროპაში. ფრიად ცნობილია წმიდა ფრანცისკე ასიზელის მიერ შეთხზული ლაუდა „ქმნილებათა ქება“. ამგვარ კომპოზიციათა მნიშვნელოვანი კრებულებია: კორტონას ლაუდარიუმი, პიზას ლაუდარიუმი და ა.შ. ლაუდა შეიძლებოდა ყოფილიყო ლირიკული ან დიალოგთა შემცველი (ჯაკოპონე და ტოდის „ღმრთისმშობლის ტირილი“); დიალოგთა შემცველმა ლაუდამ განაპირობა საღმრთო, საკრალური წარმოდგენის გავრცელება. შუა საუკუნეთა რელიგიურობის ტიპური გამოხატულება – ლაუდა XVII საუკუნეში ჩამოყალიბებულ მუსიკალურ ორატორიას დაედო საფუძვლად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4