Etym. ლათინურიდან laxus „ფართო“ ზნეობრივ თეოლოგიაში დამკვიდრებული ტენდენცია XVII საუკუნის ცალკეულ კათოლიკე ავტორთა შორის, რომლის თანახმადაც, საეჭვო ან საკამათო ვითარებაში დასაშვები იყო ნებისმიერი მოსაზრების გაზიარება, თუკი მისი ჭეშმარიტების უმცირესი ვარაუდი მაინც არსებობდა. ლაქსიზმი არ შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილ ზნეობრივ სისტემად, – ალექსანდრე VII-ის განსაზღვრების თანახმად, ესაა laxus opinandi modus („შემრიგებლურად აზროვნება“), რომელიც საბოლოოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების წესთა „მოდუნებას“ იწვევდა. ლაქსიზმი მრავალჯერ იქნა დაგმობილი იანსენიტებისა და ბლეზ პასკალის მიერ („Les provinciales“). ეს უკანასკნელი განსაკუთრებით იეზუიტებს უპირისპირდებოდა, რომელთაც ლაქსიზმის დიდოსტატებად მიიჩნევდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4