A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აღა აღდ აღვ აღზ აღთ აღკ აღმ აღს აღყ

აღმოსავლური ეკლესიები

It. Orientali, chiese
აღმოსავლურ ეკლესიათა რიცხვს განეკუთვნება აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) საზღვრებში ჩამოყალიბებული და ამ საზღვრებს გარეთ მყოფი, მაგრამ მათზე დამოკიდებული ყველა ეკლესია. ტრადიციულად უპირატესობის მქონე ალექსანდრიის, ანტიოქიისა და შემდგომ კონსტანტინოპოლისა და იერუსალემის საპატრიარქოები დროთა განმავლობაში სამიტროპოლიტო ცენტრებიდან განვითარდნენ. ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს გარეთ დამოუკიდებელ ეკლესიებად ჩამოყალიბდა სპარსული და სომხური ეკლესიები. ამ დიდ ეკლესიათაგან თითოეულს საკუთარი წესი აქვს. 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ გაღვივებული ქრისტოლოგიური დისკუსიის შედეგად სპარსეთის ნესტორიანული ეკლესია პირველი გამოეყო ბიზანტიის ეკლესიას. მის მაგალითს მიბაძეს მარონიტებმა და მონოფიზიტიზმის მიმდევრებმა, რომლებმაც თავი არაქალკედონურ ეკლესიებად გამოაცხადეს; კერძოდ, საუბარია შემდეგ ეკლესიებზე: კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია, ეთიოპიის მონოფიზიტური ეკლესია, სირიულ-მართლმადიდებელი ეკლესია, ინდოეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სომხური ეკლესია. ამ ეკლესიებსაც აღმოსავლური ეწოდება. ბიზანტიის ეკლესია დანარჩენებთან შედარებით უფრო მეტად გავრცელდა და მისი წესი გაბატონებულად იქცა. IX-X საუკუნეებში ის ბულგარეთში, სერბეთსა და რუსეთში გავრცელდა. ამ ქვეყნებში მხოლოდ XIX საუკუნეში აღმოცენდა ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიები. ბიზანტიური იმპერიული ეკლესიის წიაღიდან წარმოქმნილი აღმოსავლური ეკლესიები, რომლებიც აღმოსავლური სქიზმის შემდეგ კათოლიკე ეკლესიას გამოეყვნენ, აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიებად იწოდება. ხოლო ეკლესიებს, რომლებმაც რომის ეკლესიასთან კავშირი შეინარჩუნეს, ან გამოყოფის პერიოდის შემდეგ ისევ შეუერთდნენ რომის ეკლესიას, აღმოსავლურ კათოლიკე ეკლესიებს უწოდებენ (მათ უნიატებადაც მოიხსენიებენ). თუმცა ამ სახელწოდებათა გამოყენება ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული, რაც ხშირად ხდება გაუგებრობის მიზეზი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9