A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლოგ ლოლ ლოც

ლოცვა

Etym. პროვანს. pregueira (ნაწარმოებია ლათინურიდან precarius „ლოცვებით მოხვეჭილი“)
It. Preghiera
„ლოცვა არის სულის ამაღლება ღმერთთან ან საჭირო სიკეთეთა ღმრთისათვის თხოვნა“ (იოანე დამასკელი). ღმერთი დაუღლელად უხმობს თითოეულ ადამიანს მასთან იდუმალ შეხვედრაზე. ლოცვა თანსდევს ხსნის მთელ ისტორიას, ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთმოხმობის სახით. ძველ აღთქმაში ღმრთის ხალხის ლოცვა აღთქმის კიდობნისა და ტაძრის ჩრდილში ვითარდება, მოძღვართა და წინასწარმეტყველთა ხელმძღვანელობით; მისი უმაღლესი ნიმუშია ფსალმუნები. ახალ აღთქმაში ლოცვის სრულყოფილი ნიმუშია იესოს ლოცვა მამა ღმრთისადმი. ხშირად მარტოობაში, სიჩუმეში აღვლენილი იესოს ლოცვა გამსჭვალულია სიყვარულით აღსავსე მინდობით მამა ღმრთის ნებისადმი თვით ჯვარცმამდე და სრული რწმენით იმისა, რომ ეს ლოცვა შესმენილ იქნება. თავის სწავლებაში იესო მოუწოდებს მოწაფეებს, ილოცონ გაწმედილი გულით, ცხოველი და მტკიცე რწმენითა და შვილობრივი სითამამით. იესო მოუხმობს მოწაფეებს, იფხიზლონ და მისი სახელით მიმართონ თავიანთი ლოცვები ღმრთისადმი. იესო ქრისტე თავად შეისმენს მისადმი მიმართულ ლოცვებს. ქრისტიანულ ლოცვას მრავალი გამოხატულება აქვს: თხოვნის ლოცვის საგანია პატიება, ღმრთის სასუფევლის ძიება, ყოველი ნამდვილი საჭიროება; მფარველობის ლოცვა სხვისთვის აღვლენილი თხოვნაა; ის არ ცნობს საზაღვრებს და მტრებზეც კი ვრცელდება; სადიდებელი ლოცვა მოკლებულია ყოველგვარ პიროვნულ ინტერესს და მთლიანად ღმერთზეა კონცენტრირებული. ამ ლოცვით ადიდებენ ღმერთს, მხოლოდ იმისათვის, რომ იგი არსებობს, დამოუკიდებლად ყოველივე იმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებს. სრულყოფილი ლოცვა ლიტურგიული ლოცვაა, როგორც მთელი ეკლესიის – იესო ქრისტეს მისტიკური სხეულის – ლოცვა („სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“, მათ. 18:20) (შდრ. CCC, 2559, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9