ამ ტერმინით აღინიშნება როგორც ლუთერის (1483-1546) თეოლოგიური ნააზრევის საფუძველზე აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა, ისე ამ მოძრაობის სახასიათო დოქტრინალური მემკვიდრეობა. ის გადმოცემულია ლუთერის მიერ დაწერილ დიდსა და მცირე კატეხიზმოში (1529), ფ. მელანხთონის აუგსბურგის აღსარებასა (1530) და აპოლოგიაში (1531), სმალკალდას (1537) სტატიებსა და ნაშრომში „თანხმობის წესდება“ (1577). ლუთერელობის ლიტურგიულ და საეკლესიო ასპექტებს განსაზღვრავს ლუთერის გერმანული წირვა (1525) და მელანხთონის ინსტრუქციები დამსწრეთათვის (1528). ლუთერის თეოლოგიის მთავარი დებულების თანახმად, ქრისტეში „მკრეხელი“, ანუ ღმრთის წინაშე მუდამ ცოდვილი ადამიანის „გამართლება შესაძლებელია მხოლოდ რწმენის მეშვეობით“ („sola fide“). მართალი – და იმავდროულად ცოდვილი – ქრისტიანი ცხოვრობს საკუთარი ხსნის შესახებ მარგებელ გაურკვევლობასა და დაპირების „სიტყვისადმი“ მუდმივ მინდობაში, კანონსა და სახარებას შორის კონფლიქტური ვითარების მუდმივი წნეხის ქვეშ. აქედან იღებს დასაბამს ლუთერის შემდგომი ნააზრევი „სიტყვისა და საიდუმლოს“ შესახებ, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, გარდა სერობისა, აგრეთვე, ნათლობას და ეგრეთ წოდებულ ორი სასუფევლის დოქტრინას, რომლის საერო ხასიათის დირექტივებმა განაპირობა და გაააქტიურა ლუთერული სამყაროს „ამქვეყნიური საქმიანობა“. ლუთერელობას ახასიათებს, აგრეთვე, რწმენა, რომ ღმრთის სიტყვაა მთელი ქრისტიანობის დასაბამი და საფუძველი, თუმცა ღმრთის სიტყვა ლუთერმა ეკლესიისაგან განცალკევებულ და გადმოცემისაგან დაშორებულ მხოლოდ საღმრთო წერილამდე დაიყვანა („sola scriptura`), აქედან გამომდინარე, ყოველ ადამიანს თავისუფლად შეუძლია განმარტოს („თავისუფალი განსჯა“) საღმრთო წერილი, რაკი მას უშუალოდ სული წმიდა ეხმარება. ლუთერელობა უმთავრესად გერმანიასა და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელდა, მოგვიანებით, აგრეთვე, ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ამჟამად შინაგანად ფრიად დაქსაქსული ლუთერელობის წიაღში აღმოცენდა გაერთიანების მოძრაობები. ასეთებია, მაგალითად, Lutherischer Weltbund, ანუ მსოფლიო ლუთერული ლიგა (ლუნდი, 1947). ლუთერელობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შედის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4