A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
უმა

უმაღლესი პონტიფექსის ლიტურგიულ მსახურებათა უწყება

It. Ufficio delle celebrazioni liturgiche del sommo pontefice
ეს უწყება, სახელწოდებით Magistri Caeremoniarum Apostolicarum ძველთაგანვე არსებობდა. დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა როგორც პაპის ცერემონიათა კოლეგია ან პრეფექტურა, პაპის თორმეტი ცერემონმაისტერის შემადგენლობით (აქედან ოთხი მოქმედია, ოთხი – დამხმარე). ისინი ეხმარებიან პაპს (განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – კარდინალებსაც) საღმრთო მსახურებისას (კონსისტორიუმი, კარდინალის ტიტულის მიღება, წირვა ან სხვა სახის მსახურება განსაკუთრებით საზეიმო დღეებში, პონტიფექსის მისიები). გარდა ამისა, პაპის ცერემონმაისტერების მოვალეობაა ეპისკოპოსთა ხელდასხმის მომზადება და გაძღოლა, პაპის დავალებით რომში მობინადრე აბატების კურთხევა. პაპის საყდრის ვაკანტურობის პერიოდში ცერემონმაისტერები მსახურობენ კარდინალთა კონგრეგაციებში და საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ კონკლავშიც. თვით მსახურების ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ნოტარიუსები არიან, ამიტომაც ადგენენ ყველა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, დაკავშირებულს იმ მსახურებასთან, რომელშიც მონაწილეობენ, - იქნება ეს კონკლავის აქტები თუ თვით რომის პაპის არჩევა. ვატიკანის II კრების მიერ დაწყებული რეფორმის შედეგად პაპის ცერემონიათა სამსახურმა სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლიტურგიულ სამწყსო მსახურებაში. მართლაც, პაპის მიერ აღსრულებული მსახურებანი, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო იზრდება, თუნდაც შეცვლილი სტილისა (მათ შორის, მასმედიის მონაწილეობის გამო), ვატიკანის კრების სულისკვეთებისა და ნორმების თანახმად ლიტურგიული რეფორმის განხორციელების სამაგალითო ნიმუშად იქცა. სამოციქულო დადგენილებით Pastor bonus (1988 წლის 28 ივნისი) უწყებას სახელი ამჟამინდელით შეეცვალა: „უმაღლესი პონტიფექსის ცერემონიათა სამსახურს“ „უმაღლესი პონტიფექსის ლიტურგიულ მსახურებათა სამსახური“ ეწოდება და ის რომის კურიის დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა (პარ. 2, ნაწ. 3). უწყებას ევალება პაპის მიერ ან მისი სახელით აღსასრულებული ლიტურგიულ და სხვა საღმრთო მსახურებათათვის აუცილებელი სამზადისის უზრუნველყოფა და მათი გაძღოლა ლიტურგიულ წესთა შესაბამისად. ლიტურგიულ მსახურებათა უწყების ხელმძღვანელს პაპი ხუთი წლის ვადით ნიშნავს, ხოლო ცერემონმაისტერები, რომლებიც მსახურებისას ასისტენტობას უწევენ მას, დროის ამავე ხანგრძლივობით სახელმწიფო მდივნის მიერ ინიშნებიან. 1991 წლის 14 იანვრის ქიროგრაფის თანახმად, რომლითაც იოანე პავლე II-მ დღევანდელობის მოთხოვნებს მიუსადაგა, ვატიკანის სულიერებაზე მზრუნავი უწყება, მანამდე პაპის სასახლის საკრისტიის კომპეტენციაში შემავალი მოვალეობები პაპის ლიტურგიულ მსახურებათა უწყების ხელმძღვანელს გადაეცა, რომელიც, ამის გამო, პასუხისმგებელია პაპის საკრისტიისა და სამოციქულო სასახლის კაპელებზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9