Etym. ბერძ. სიტყვიდან kanonízein „კანონში ჩართვა“ აქტი, რომლითაც პაპი ადგენს, რომ ნეტარი წმიდათა კანონში უნდა მოექცეს და საყოველთაო ეკლესიის მიერ უნდა იქნეს პატივდებული. ბენედიქტე XIV-ის განსაზღვრების თანახმად, ესაა სიწმიდის უკანასკნელი და საბოლოო დადასტურება. მაშასადამე, კანონიზაცია ნეტარად შერაცხვის მომდევნო ნაბიჯია და, მის მსგავსად, შეიძლება იყოს ფორმალური ან თანაბარმნიშვნელოვანი, იმის მიხედვით, პირდაპირაა გამოცხადებული ეკლესიის მიერ ჩვეული პროცედურის ჩატარების შემდეგ თუ გვაქვს პაპის დეკრეტი, რომელიც სათნოებათა უხსოვარ კულტს ან მოწამეობას ადასტურებს. კანონიზაციის პროცესის დახვეწის მიზნით, 1969 წლის დეკრეტით „შანცტიტას ცლარიორ“ პავლე VI-მ კანონიკური სამართლით გათვალისწინებული ორი პროცედურა გააერთიანა. ამჟამად ეს პროცედურა სრულდება იმ ტერიტორიის ეპისკოპოსის წინაშე, სადაც გარდაიცვალა ხსენებული პიროვნება და საგამოძიებო კვლევის ხასიათს ატარებს: ტარდება წინასწარი გამოკვლევა და გროვდება დამადასტურებელი მასალები ქრისტიანული ცხოვრების სამაგალითო ხასიათის, მართლმორწმუნეობის, „საგმირო ხარისხის“ სათნოებათა თუ სავარაუდო მოწამეობის თაობაზე. მოკვლევის დასრულების შემდეგ შეკრებილი დოკუმენტები და მოწმობები გადაეცემა წმიდანთა საქმეების წმიდა კონგრეგაციას, რომელიც მასალის შესწავლის საფუძველზე ადგენს, საჭიროა თუ არა შემდგომ კვლევათა წარმოება თუ პროცესი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4