Etym. ბერძ. ზმნიდან apostéllein „წარგზავნა, მივლინება“; წარმოიქმნა არსებითი სახელი apóstolos, საიდანაც მოდის ლათ. apostolus ასე ეწოდება იესოს თორმეტ თანამშრომელს, რომლებიც თავად შეარჩია (მათ. 10:1-4) და თავისი სახარების გასავრცელებლად (მათ. 28:18-20) წარგზავნა. მოციქულებია: პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე, ფილიპე, ბართლომე, მათე, თომა, იაკობ ალფეს ძე, იუდა თადეოზი, სიმეონ ზელოტი და იუდა ისკარიოტელი, რომლის ნაცვლადაც მათია იქნა არჩეული. მაშასადამე, მოციქულები არიან „მოწმენი“ იმისა, რაც იხილეს და ისმინეს, განსაკუთრებით კი – იესოს მკვდრეთით აღდგომის მოწმენი. გადატანითი მნიშვნელობით, მოციქული ეწოდება ადამიანს, რომელიც მთლიანად სახარებისეულ მისიასა და ქრისტიანული სარწმუნოების მსახურებას უძღვნის საკუთარ თავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4