კათოლიკე ეკლესიის ლიტურგიულ კალენდარში დიდმარხვის პირველი კვირადღის წინა ოთხშაბათი, აღნიშნავს დიდმარხვის დასაწყისს. ამ დღეს მღვდელი, მონანიებისა და მოქცევის ნიშნად, მორწმუნეებს თავზე მცირეოდენ ნაცარს აყრის და ამბობს: „გახსოვდეს, რომ მტვერი ხარ და მტვრად იქცევი“ (შდრ. დაბ. 3:19). არსებობს, აგრეთვე, ბოლო დროს დამკვიდრებული ფორმულა: „მოინანიეთ და იწამეთ სახარება“ (მარკ. 1:15). ერთ დროს მხოლოდ საზოგადო მონანიეთათვის განკუთვნილი ეს წესი პაპმა ურბანუს II-მ (XI ს.) ყველა მორწმუნეზე გაავრცელა. ნაცარი - სიკვდილისა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლო – წინა წლის ნაკურთხი ზეთისხილის ან ბზის ტოტების დაწვის შედეგად მიიღება. ნაცრის ოთხშაბათს ეკლესია სამარხვო და ხორცისაგან თავშეკავების დღედ აცხადებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4